მარიამ ჯაში - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა სიაში არაერთი პროფესიონალია
მარიამ ჯაში - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა სიაში არაერთი პროფესიონალია

დარწმუნებული ვარ, შერჩეული კანდიდატები იქნებიან როგორც პროფესიონალები, ასევე პიროვნული ნიშნით გამორჩეულები, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველების სიაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მარიამ ჯაშმა აღნიშნა, კრიტერიუმების მიხედვით, რომელიც შემუშავებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისათვის, შესაბამისი კვალიფიკაციის ნებისმიერ ადამიანს, მიუხედავად პოზიციისა, აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს პროცესში.

„სია საკმაოდ ვრცელია და დარწმუნებული ვარ, რომ ამ სიაში არაერთი გამორჩეული, პროფესიონალიზმის მქონე პიროვნებაა, რომელიც დაადასტურებს საკუთარ კომპეტენციას საკანონმდებლო ორგანოში განხილვების დროს. მოგეხსენებათ, კანონში შეტანილი ცვლილებების მიზანი იყო სწორედ იმ კრიტერიუმების და პროცესის შემუშავება, რომელიც როგორც საზოგადოებას, ისე პარლამენტის თითოეულ წევრს, მისცემდა საშუალებას ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების.

ჩვენ დეტალურად განვიხილავთ თითოეული კანდიდატის კვალიფიკაციას. ბუნებრივია, საზოგადოების ნდობა იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი მახასიათებელი და დარწმუნებული ვარ, შერჩეული კანდიდატები იქნებიან როგორც პროფესიონალები, ასევე პიროვნული ნიშნით გამორჩეულები“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

დეპუტატის თქმით, პარლამენტში მოსამართლეთა სიის განხილვის დროს, ბუნებრივია, იქნება მსჯელობა მოქმედი გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის კანდიდატურაზეც, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა სიაშია.

„ვფიქრობ, კრიტერიუმების მიხედვით, რომელიც შემუშავებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისათვის, შესაბამისი კვალიფიკაციის ნებისმიერ ადამიანს, მიუხედავად პოზიციისა, აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს. ბუნებრივია, ვიმსჯელებთ ბატონი შალვა თადუმაძის კანდიდატურაზე. ის, რომ ბატონი შალვა გენერალურ პროკურორადაა არჩეული, მიუთითებს მის მაღალ კვალიფიკაციაზე, თუმცა ბუნებრივია, მისი კანდიდატურა არის მსჯელობის საგანი“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კანდიდატების განაცხადების მიღება დასრულდა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კანდიდატთა სია გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი 144-მა კანდიდატმა გამოთქვა.