მარიამ ჯაში - თუ დადასტურდება სკოლაში პიონერის ფორმებით ღონისძიების მოწყობა, შესაბამისი საკადრო გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული
მარიამ ჯაში - თუ დადასტურდება სკოლაში პიონერის ფორმებით ღონისძიების მოწყობა, შესაბამისი საკადრო გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში აცხადებს, რომ ახალციხისა და გურიის სკოლებში ზეიმზე მოსწავლეების პიონერის ფორმაში გამოწყობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას შესწავლა სჭირდება.

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ გახშირდა მოსწავლეების პიონერების ფორმაში გამოწყობის ფაქტები, მარიამ ჯაშმა აღნიშნა, რომ სისტემურ პრობლემას გამორიცხავს.

„თუკი მსგავსი აბსოლუტურად მიუღებელი ფაქტი ფიქსირდება რომელიმე სკოლაში, უნდა იყოს შესაბამისი შესწავლით დადასტურებული აღნიშნული ფაქტი და თუკი დადასტურდა, შესაბამისი საკადრო გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც თეთრ პერანგსა და წითელ ყელსახვევებში გამოწყობილი მოსწავლეები სიმღერას „აყვავებული გურია“ ასრულებენ. არსებული ინფორმაციით, ვიდეო ოზურგეთის ერთ-ერთ სკოლაშია გადაღებული. რამდენიმე დღის წინ ასევე გავრცელდა ახალციხის ერთ-ერთ სკოლაში გადაღებული ფოტოები, სადაც მოსწავლეები მსგავსი ჩაცმულობით ჩანან.