მარიამ ჯაში - ნიკა მელიასთან დაკავშირებით საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებული ვარ
მარიამ ჯაში - ნიკა მელიასთან დაკავშირებით საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებული ვარ

ბუნებრივია, ჩემს პოზიციას უფრო დეტალურად გავაცნობ კოლეგებსა და მეგობრებს და დიდი იმედი მაქვს, ჩვენს პოზიციებს დავაახლოვებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მარიამ ჯაშმა განაცხადა, რომელმაც ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნაზე კენჭისყრის დროს, საკითხს არ დაუჭირა მხარი.

დეპუტატმა საკუთარი გადაწყვეტილება განმარტა და აღნიშნა, რომ ნიკა მელიასთან დაკავშირებით პროკურატურის მხრიდან კომიტეტების ფორმატში წარდგენილი მყარი მტკიცებულებების მოსმენის შემთხვევაში, თავადაც მხარს დაუჭერდა იმუნიტეტის მოხსნის საკითხს.

„როდესაც აღნიშნული საკითხის განხილვა გვქონდა უმრავლესობის ფორმატში, შეთანხმება იყო, რომ მყარი მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში გვექნებოდა თუ არა თანხმობის პოზიცია. ბუნებრივია, მყარი მტკიცებულების შემთხვევაში, მეც იმავე გადაწყვეტილებას მივიღებდი. მოდით ჩავთვალოთ, რომ მე მაქვს ნაკლები გამოცდილება იურისპრუდენციასა და სამართალწარმოებაში და ვინაიდან ვიხილავდით ჩვენი კოლეგის, პოლიტიკური ოპონენტის იმუნიტეტის მოხსნის საკმაოდ სენსიტიურ საკითხს, ჩავთვალე, რომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იმ მომენტისთვის იქნებოდა თავშეკავება.

ჩემი მოლოდინი იყო, რომ მოხდებოდა დამატებითი მასალების გადაცემა. სამწუხაროდ, არ მოგვეცა დამატებითი მასალების განხილვის შესაძლებლობა პლენარულ სხდომაზე და ამდენად, კომიტეტების ფორმატში განხილული ინფორმაციის საფუძველზე, თავი შევიკავე.

ბუნებრივია, გუნდს აქვს თავისი წესები, უბრალოდ, არ მომეცა საშუალება, შეზღუდული დროის ფორმატიდან გამომდინარე, კენჭისყრამდე უმრავლესობის ფორმატში ჩემი გასხვავებული აზრი დამეფიქსირებინა და სწორედ ამიტომ, საბოლოო ჯამში, ჩვენ ვღებულობთ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მისივე თქმით, გუნდში გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ზეწოლა არ ხდება.

„არავითარი ზეწოლა არ არსებობს. დარწმუნებული ვარ ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში. ვწუხვარ, თუკი უხერხულობა შევუქმენი ჩემს კოლეგებს, მაგრამ გადაწყვეტილებას არ შევცვლი, არ შევცვლიდი, თუნდაც ყოფილიყო დამატებითი კონსულტაციები”, – აღნიშნა მარიამ ჯაშმა, რომელმაც ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხზე კენჭისყრის დროს რეგისტრაცია არ გაიარა.