მარიამ ჯაში - საპენსიო ასაკის მასწავლებლებს საკუთარი არჩევანის საფუძველზე, სისტემა ღირსეული გაცილების შესაძლებლობას სთავაზობს
მარიამ ჯაში - საპენსიო ასაკის მასწავლებლებს საკუთარი არჩევანის საფუძველზე, სისტემა ღირსეული გაცილების შესაძლებლობას სთავაზობს

განათლების სისტემაში უმნიშვნელოვანესი ცვლილეები ხორციელდება, განათლება სამთავრობო გუნდის ნომერ პირველი პრიორიტეტია და რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი ჩვენი პედაგოგებისთვის ღირსეული ანაზღაურების უზრუნველყოფაა, – ამის შესახებ  განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, პედაგოგების ხელფასის მატებასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს ინიციატივის შესახებ.

დეპუტატის თქმით, სკოლებში ხელფასების ზრდა ყოველწლიურად არის დაგეგმილი.

„არაერთხელ განვაცხადეთ, რომ 2021-2022 წლისთვის მინიმალური ხელფასი განათლების სისტემაში 1500 ლარი იქნება. ეს არის დაგეგმილი და პირველი ცვლილება 2019 წლის სექტემბრიდან დაიწყება.  პირველ ეტაპზე, ყველა სერტიფიცირებული პედაგოგისთვის ყოველთვიური ხელფასის სულ მცირე, 150 ლარიანი ზრდა იგეგმება. აღნიშნული ზრდა კომპეტნციების შესაბამისად 23 ათას მასწავლებელს შეეხება“, – განაცხადა ჯაშმა.

რაც შეეხებათ არასერტიფიცირებულ პედაგოგებს, დეპუტატის განმარტებით, მათ ეძლევათ საშუალება, გააგრძელონ პროფესიული საქმიანობა სისტემაში.

„მათ 2019 წლის განმავლობაში არაერთჯერადად მიეცემათ შესაძლებლობა, რომ დაადასტურონ კომპეტენციები, შესაბამისად მიიღონ დამატებითი ანაზღაურება“, – აღნიშნა ჯაშმა.

მან საპენსიო ასაკის პედაგოგების შესახებ ინიციატივაზეც გაამახვილა ყურადღება.

„მნიშვნელოვანი ცლილება არის დადგეგმილი საპენსიო ასაკის პედაგოგებისთვის. მათ ასევე ეძლევათ ორი არჩევანი,  განაგრძონ პროფესიული საქმიანობა განათლების სისტემაში, შეუძლიათ, გაიარონ სერტიფიცირება და შესაბამისად, მიიღონ დამატებითი ანაზღაურება. ამასთანავე, მიმაჩნია, რომ უპრეცედენტო შესაძლებლობა ეძლევათ ჩვენს დამსახურებულ პედაგოგებს, საკუთარი არჩევანის საფუძველზე შეუძლიათ, მიიღონ გადაწყვეტილება, რომ ერთჯერადი ორი წლის ანაზღაურება წინასწარ აიღონ და სიცოცხლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ პედაგოგებისთვის განსაზღვრული სამედიცინო დაზღვევა“, – განაცხადა ჯაშმა.

ამასთან, როგორც ჯაშმა აღნიშნა, სკოლებში იგეგმება ადმინისტრაციული პერსონალის, როგორც სკოლის დირექტორების, ასევე ადმინისტრაციიული რესურსისა და ტექნიკური პერსონალის ანაზღაურების ზრდაც.

„აღნიშნული ცვლილებები ღირსეულ ანაზღაურებას სთავაზობს კვალიფიცირებულ პედაგოგებს, გააჩენს სტიმულს, რომ პედაგოგებმა გაიარონ სერტიფიცირება, დაადასტურონ კომპეტენციები და შესაბამისად, მიიღონ უფრო უკეთესი, უფრო ღირსეული ანაზღაურება.

საპენსიო ასაკის მასწავლებლებს საკუთარი არჩევანის საფუძველზე, სისტემა სთავაზობს ღირსეული გაცილების შესაძლებლობას, ორი წლის ხელფასის წინასწარი ანაზღაურებით“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მისივე შეფასებით, ცვლილებები სკოლაში ასევე ხელს შეუწყობს ახალგაზრდა კადრების მობილიზებას და უფრო მეტ საათობრივ დატვირთვას შესთავაზებს სისტემაში მომუშავე პედაგოგებს.

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და თოთოეულ პედაგოგს მადლობა გადავუხადო წლების განმავლობაში გაწეული შრომისთვის, მათი ამაგისთვის. ნებისმიერი ადამიანის წარმატების უკან დგას პირველ რიგში, პედაგოგთა შრომა და მათი ინვესტიცია. ასევე მსურს, დავუდასტურო, რომ სექტემბრიდან დაწყებული შრომის ანაზღაურების მატება იქნება მხოლოდ პირველი ეტაპი, უფრო უკეთესი უფრო ღირსეული, შრომითი პირობებისთვის ჩვენი პედაგოგიური კორპუსისთვის“, – განაცხადა დეპუტატმა.

​განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2019 წლის სექტემბრიდან უფროსის, წამყვანის ან მენტორის სტატუსის მქონე ყველა მასწავლებელს ანაზღაურება 150 ლარით და მეტით გაეზრდება. მისივე თქმით, სახელფასო ზრდა ასევე შეეხებათ რესურსცენტრების, სკოლების დირექტორებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს.

ამასთან, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, განათლების სამინისტრო საპენსიო ასაკის პედაგოგებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. კერძოდ, საპენსიო ასაკის პედაგოგებს, სურვილის შემთხვევაში, მიეცემათ შესაძლებლობა, მიიღონ ორი წლის ჯამური ხელფასი და შეუნარჩუნდეთ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი.

დატოვე კომენტარი