მარიამ ჯაში - საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნა არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ დააზიანებს, ეს იქნება ქვეყნის საერთაშორისო იმიჯისთვის კიდევ ერთი დარტყმა
მარიამ ჯაში - საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნა არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ დააზიანებს, ეს იქნება ქვეყნის საერთაშორისო იმიჯისთვის კიდევ ერთი დარტყმა

საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნა არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ დააზიანებს, ეს იქნება ქვეყნის საერთაშორისო იმიჯისთვის კიდევ ერთი დარტყმა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ თითოეულმა პარლამენტის წევრმა, რომ ეს პროცესი ბოლომდე მივიდეს, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღების შემდეგ განაცხადა.​​

მისივე თქმით, დღეს მეცხრე მოწვევის პარლამენტის ისტორიაში ყველაზე მაღალი მხარდაჭერა მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებებმა.

„მისასალმებელია, რადგან არ შეიძლება პოლიტიკოსს ჰქონდეს პრეტენზია, რომ ის არის დემოკრატიულად მოაზროვნე და დღევანდელ კენჭისყრას გაემიჯნოს. იმედი გვაქვს, მეორე და მესამე მოსმენითაც ასევე იქნება მაღალი მხარდაჭერა. „ევროპული საქართველოს“ ნაბიჯი მისასალმებელია, მაგრამ მათ გარეშეც პროცესს ჰქონდა გარანტირებული 116 ხმა, რაც დადასტურდა დღევანდელი კენჭისყრით.

ხელისუფლების ვალდებულებაა, რომ მეორე და მესამე მოსმენით მოახდინოს სრული მობილიზება, როგორც საკუთარი მანდატების, ასევე ჩვენ, ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“, უფრაქციო პარლამენტის წევრები და „პატრიოტთა ალიანსისი და სოციალ-დემოკრატების“ ფრაქცია, რამდენადაც ვიცი, კვლავაც მხარს დაუჭერენ მეორე და მესამე მოსმენით აღნიშნულ პროცესს. ამ კანონპროექტის ჩავარდნა არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ დააზიანებს, ეს იქნება ქვეყნის საერთაშორისო იმიჯისთვის კიდევ ერთი დარტყმა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ თითოეულმა პარლამენტის წევრმა, რომ ეს პროცესი ბოლომდე მივიდეს“,- განაცხადა ჯაშმა.

136 ხმით ხუთის წინააღმდეგ პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო.  დღევანდელ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს დამოუკიდებელმა დეპუტატებმა და ოპოზიციურმა ფრაქციებმა, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“.