მარიამ ჯაში - საკონსტიტუციო ცვლილებების ბოლომდე მიყვანა მნიშვნელოვანია ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცებისა და პოლიტიკური მრავალფეროვნებისთვის
მარიამ ჯაში - საკონსტიტუციო ცვლილებების ბოლომდე მიყვანა მნიშვნელოვანია ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცებისა და პოლიტიკური მრავალფეროვნებისთვის

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს.

ფრაქციის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, ძალაში რჩება მათი მოთხოვნა, რომ არჩევნებში მონაწილეობა იყოს სავალდებულო.

„საკონსტიტუციო ცვლილებების ბოლომდე მიყვანა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცებისთვის, პოლიტიკური მრავალფეროვნების, პლურალიზმის უზრუნველყოფისთვის და თითოეული ჩვენი მოქალაქის ხმის ასახვისთვის მომდევნო უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. შესაბამისად, ჩვენი ფრაქცია მაქსიმალურად შეუწყობს ხელს აღნიშნული პროცესის ბოლომდე განხორციელებას. პირადად ვიქნები ჩართული კომისიის მუშაობასა და საჯარო განხილვებში. ვფიქრობ, პარლამენტში არის საკმარისი ხმები, რომ მოხდეს მობილიზაცია, როგორც „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ასევე დამოუკიდებელი დეპუტატების და „პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქციის მხრიდან. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია აღნიშნული ცვლილებების განხორციელება და მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს, რომ მომდევნო პარლამენტი იყოს უფრო მეტად პროპორციული“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.