მარიამ ჯაში - საბავშვო ბაღებში გადასახადის შესაძლო დაწესების საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის
მარიამ ჯაში - საბავშვო ბაღებში გადასახადის შესაძლო დაწესების საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში აცხადებს, რომ საბავშვო ბაღებში გადასახადის შესაძლო დაწესების საკითხზე მსჯელობა ახლა დაიწყება, თუმცა ხელისუფლება მაქსიმალურად ეცდება, შეინარჩუნოს ის დადებითი შედეგი, რაც ქვეყანას აქვს უფასო საბავშვო ბაღების სახით, – ასე გამოეხმაურა ჯაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის საპარლამენტო გამოსვლას, სადაც გიორგი კვირიკაშვილმა ბაღში გადასახადის შესაძლო დაწესების საკითხზე ისაუბრა.

„ამ ეტაპზე ერთადერთი კრიტერიუმი, რომლითაც შეგვიძლია დავიწყოთ განხილვები, იქნება შემოსავლების სააგენტოს სისტემის საშუალებით. მაგალითად, ქონების დეკლარირების ვალდებულება ვისაც აქვს, განსაკუთრებით მაღალი შემოსავლის ოჯახებს, მაგალითად, 40 000 ლარის ზემოთ. მაგრამ საზოგადოება შეცდომაში რომ არ შევიყვანოთ, აღვნიშნავ, რომ გადაწყვეტილება არ არის მიღებული. მსჯელობა მხოლოდ ახლა დაიწყება, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ის დადებითი შედეგი, რომელიც ქვეყანაში უფასო საბავშვო ბაღების სახით არის, ყველა შესაძლო ძალისხმევით იყოს შენარჩუნებული“, – განაცხადა ჯაშმა.

მისი თქმით, პრემიერის წინადადებას პარლამენტში და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონსულტაციების დროს განიხილავენ.

გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში განაცხადა, რომ საბავშვო ბაღების მიმართულებით გარკვეული კორექტირების შეტანა აუცილებელია.

პრემიერის თქმით, ოჯახებმა, რომელთაც საშუალება აქვთ, ბაღის გადასახადი უნდა გადაიხადონ. ამასთან, გიორგი კვირიკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ჯერ არის მხოლოდ იდეა, რომელიც დამუშავებას საჭიროებს.