მარიამ ჯაში - „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნებას გამოვრიცხავ, ეს არის ჩემი პრინციპული გადაწყვეტილება 
მარიამ ჯაში - „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნებას გამოვრიცხავ, ეს არის ჩემი პრინციპული გადაწყვეტილება 

უმრავლესობის დატოვება ნიშნავს „ქართული ოცნების“ პარტიის დატოვებას, – ასეთი განცხადება გააკეთა ჟურნალისტებთან პარლამენტის განათლების კომიტეტის უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ამ დროისთვის უფრო მნიშვნელოვანი დამოუკიდებელ დეპუტატად დარჩენაა.

„ბუნებრივია, ჩავერთვები ნებისმიერ კონსულტაციაში ჩემს ყოფილ კოლეგებთან, რომლებმაც უკვე დატოვეს უმრავლესობა. დღეს ფრაქციის შექმნაზე, მომავალ პოლიტიკურ გეგმებზე საუბარი ნაადრევია, რადგან რაც გუშინ მოხდა, იყო სპონტანური რეაქციები ჩვენი კოლეგების მხრიდან“, – აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

ამასთან, მისივე თქმით, ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება და, შესაბამისად, ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე არსებობს მმართველი პარტიის პასუხისმგებლობა.

„აუცილებელია პოლიტიკური კულტურის შეცვლა. იმ გადაწყვეტილებებში, რომელსაც „ქართული ოცნება“ მიიღებს ქვეყნის სასიკეთოდ, დღესვე დავუდასტურებ ჩემ მხარდაჭერას. თუმცა, ისევე როგორც გუშინ ვერ გავყევი ქვეყნისთვის დამაზიანებელ გადაწყვეტილებაში, ასეთივე პოზიციას შევინარჩუნებ ყველა არასათანადოდ არგუმენტირებულ ინიციატივაში“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა, რომლის თქმითაც, ორი თვის წინ გაცხადებული გადაწყვეტილების ჩაგდებამ სერიოზულად შეარყია საზოგადოებრივი ნდობა პარტიისადმი.

ამასთან, დეპუტატი „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნებას გამორიცხავს.

„გამოვრიცხავ „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნებას, ეს არის ჩემი პრინციპული გადაწყვეტილება“, – აცხადებს მარიამ ჯაში.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო.

ამის შემდეგ უმრავლესობისა და საპარლამენტო თანამდებობების დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს: თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ, გიორგი მოსიძემ, ირინა ფრუიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა,ზაზა ხუციშვილმა, მარიამ ჯაშმა და გიორგი ბეგაძემ.