მარიამ ჯაში - პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იქნებოდა გარანტი, რომ თითოეული მოქალაქის ხმა უკეთ აისახებოდა საპარლამენტო წარმომადგენლობაში
მარიამ ჯაში - პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იქნებოდა გარანტი, რომ თითოეული მოქალაქის ხმა უკეთ აისახებოდა საპარლამენტო წარმომადგენლობაში

ჩვენი ქვეყანა რაც უფრო მალე გადავიდოდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, ეს იქნებოდა ჩვენი საზოგადოებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა საქართველოს პირველი არხის ეთერში, საკონსტიტუციო პროექტის განხილვის დროს განაცხადა.

მისი თქმით, პროპორციული საარჩევნო სისტემა საპარლამენტო წარმომადგენლობაში თითოეული მოქალაქის ხმის უკეთ ასახვის გარანტი იქნებოდა.

„რამდენიმე განსხვავებული რაკურსით შემიძლია ამ პროცესების შეფასება, რადგან აღნიშნული მოწვევის პარლამენტში სამი წელი ვიყავი უმრავლესობის შემადგენლობაში. რაც უფრო მალე გადავიდოდა ჩვენი ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, ეს იქნებოდა ჩვენი საზოგადოებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი, რადგან ეს იქნებოდა გარანტი, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქის ხმა უფრო უკეთ აისახებოდა საპარლამენტო წარმომადგენლობაში. თუმცა პირადად ვიყავი მომსწრე იმ განხილვების 2017 წელს, როდესაც გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს იყო დიდი სურვილი „ქართულ ოცნებაში“ სრულად პროპორციულზე 2020 წელს გადასვლის შესახებ, მაგრამ შიდა დისკუსიის შედეგად კომპრომისი იყო მიღწეული და 2024 წელში გადანაცვლდა ეს ჩანაწერი. ამდენად, იმ ეტაპიდან გამომდინარე კრიტიკას ნამდვილად ვერ გავაჟღერებ, თუმცა ნოემბერში, როდესაც შეთანხმებული ცვლილება ჩავარდა, იმდენად მოულოდნელი იყო და იმდენად დიდი იმედგაცრუება გამოიწვია დანაპირების არ შესრულებამ „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ ჩვენ, არა მხოლოდ მე, ჩემი არაერთი კოლეგა, იძულებული ვიყავით, უმრავლესობის რიგები დაგვეტოვებინა“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ყველა საარჩევნო სისტემა ლეგიტიმურია, მაგრამ როდესაც პირობას იძლევი და მისი შესრულების შესაძლებლობა არ გეძლევა, სერიოზულ კითხვის ნიშნები ჩნდება.

„პრინციპული თავად არჩევნების სისტემა არ იყო, როგორც არჩილ თალაკვაძის და ირმა ინაშვილის მხრიდან გაჟღერდა, ყველა საარჩევნო სისტემა არის ლეგიტიმური – პროპორციული, მაჟორიტარული, შერეული, მაგრამ როდესაც პირობას იძლევი და ამ პირობის შესრულების შესაძლებლობა არ გეძლევა პრაქტიკულად საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმატში, ბუნებრივია, ეს ძალიან სერიოზულ კითხვის ნიშნებს ბადებს“, – განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა.

მისი თქმით, შემდგომ ეტაპებზე ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ელჩებმა.

„რაც შეეხება შემდგომ ეტაპებს, უაღრესად მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს საქართველოში მოქმედმა ელჩებმა. არ შემიძლია, განსაკუთრებული მადლობა არ გამოვხატო კელი დეგნანის, საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის მიმართ. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დიპლომატი მოგვივლინა ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა. ასევე ელიზაბედ რუდის დამსახურება იყო უაღრესად მნიშვნელოვანი მიმდინარე მოლაპარაკებებში; ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის როლი; გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის; ასევე ევროსაბჭოს დელეგაციის ხელმძღვანელის, კრისტიან ურსეს. ბრწყინვალე დიპლომატიური კორპუსის წყალობით, ჩვენ მოვახერხეთ, რომ ის პოლიტიკური კრიზისი იყო გარდატეხილი და მივედით 8 მარტის შეთანხმებამდე“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო სახალხო განხილვაში, რომელიც საქართველოს პირველ არხის ეთერში გადაიცემა, საკონსტიტუციო კომისიის წევრები არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე, ირმა ინაშვილი და მარიამ ჯაში მონაწილეობენ. განხილვაში მონაწილეობაზე უარი თქვეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, სერგი კაპანაძემ.