მარიამ ჯაში - პატიებას ვთხოვ საზოგადოებას, ვინც შეურაცხყოფად მიიღო ჩემი გადაწყვეტილება ნინია კაკაბაძის მხარდაჭერასთან დაკავშირებით
მარიამ ჯაში - პატიებას ვთხოვ საზოგადოებას, ვინც შეურაცხყოფად მიიღო ჩემი გადაწყვეტილება ნინია კაკაბაძის მხარდაჭერასთან დაკავშირებით

პატიებას ვთხოვ საზოგადოებას, ვინც შეურაცხყოფად მიიღო ჩემი გადაწყვეტილება ნინია კაკაბაძის მხარდაჭერასთან დაკავშირებით – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში სოციალურ ქსელში წერს.

დეპუტატი განმარტავს, რომ მისი გადაწყვეტილება ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა – ოპოზიციის კვოტით გათვალისწინებული კანდიდატის არჩევას.

„პატიებას ვთხოვ საზოგადოებას, ვინც შეურაცხყოფად მიიღო ჩემი გადაწყვეტილება ნინია კაკაბაძის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

ჩემი გადაწყვეტილება ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა – ოპოზიციის კვოტით გათვალისწინებული კანდიდატის არჩევას… თუმცა, სამწუხაროდ დიდი რეაქცია მოყვა ამ ნაბიჯს ჩვენი საზოგადოების მხრიდან და გადავწყვიტე რამდენიმე სიტყვით მომემართა.

20 წელია ვცდილობ ჩემ ქვეყანას და ეკლესიას საქმით დავუმტკიცო სიყვარულიც და პატივისცემაც. ძალიან მერიდება საკუთარ თავზე საუბარი რომ მიწევს… მაგრამ ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შემაძლებინა იმ პროფესიონალურმა გზამ და პროგრამებმა – იმუნიზაციის, შიდსის, მალარიის, C ჰეპატიტის თუ სოლიდარობის ფონდის – რომელთა უკან ვიდექი პირველი ან სულ რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად. საყოველთაო ჯანდაცვის დოკუმენტიც, ისე მოხდა, რომ ჩემი ხელმოწერით გაიგზავნა მთავრობაში, მაგრამ ამ პროგრამის სათავეებთან ბევრი ადამიანი ვიდექით დავით სერგეენკოს ხელმძღვანელობით.

ზუსტად ესეთი მნიშვნელოვანი ცვლილებების შექმნის იმედი მაქვს დღეს უკვე განათლების, მეცნიერების და კულტურის მიმართულებებით.

სისტემურ რეფორმებთან ერთად ვცდილობ, სამივე სფეროში ჩვენი ეკლესიის როლი წარმოჩინდეს ისეთი განსაკუთრებული მნიშვნელობით, რომელსაც ჩვენი ქართული მართლმადიდებელი ეკლესია 17-საუკუნოვანი ნამოღვაწარით იმსახურებს.

პარლამენტში არჩევის პირველივე დღეებიდან არ მოვრიდებივარ ერთგვარად ტაბუდადებული თემის – სკოლებში რელიგიის ისტორიის სწავლების თუ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში ეკლესიასთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლებლობის წარმოჩინებას, რადგან ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი.

და იმ ყველა მასშტაბურ საკითხს შორის, რომელზეც თანამოაზრეებთან და დარგის ექსპერტებთან ერთად ყოველდღიურად ვმუშაობ და რომელიც მალე გახდება ჩვენი საზოგადოებისთვის ცნობილი – ნინია კაკაბაძის არჩევის საკითხი არ ჩამითვლია ესოდენ პრინციპულად.

მიუხედავად ამისა, თუ ჩვენმა საზოგადოებამ შეურაცხოფად მიიღო ჩემი ნაბიჯი – საზოგადოების ამ ნაწილს პატიებას გთხოვთ“, – წერს მარიამ ჯაში „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამართული კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ნინია კაკაბაძის კანდიდატურას მხარი 55-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 12 წინააღმდეგ წავიდა.