მარიამ ჯაში - მიხეილ ბატიაშვილი აღმოჩნდა პირველი მინისტრი, ვინც შეძლო გაბედული ნაბიჯების გადადგმა
მარიამ ჯაში - მიხეილ ბატიაშვილი აღმოჩნდა პირველი მინისტრი, ვინც შეძლო გაბედული ნაბიჯების გადადგმა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის მიერ განათლების სისტემაში განხორციელებული ცვლილებები გაბედულ ნაბიჯებად შეაფასა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა.

„2019-20 წლებისთვის დაგეგმილი ეროვნული გამოცდების რეფორმასთან დაკავშირებით ჩვენ უკვე გვაქვს შეთანხმება, რომ კომიტეტი ბევრად უფრო აქტიურად იქნება ჩართული აღნიშნული წინადადებების განხილვაში. ჩვენ აპრილის ბოლოსთვის ველოდებით სამუშაო ვერსიას. მშობლიურ ენასა და უცხო ენაში გამოცდის სავალდებულოა არის აბსოლუტურად მართებული, თუმცა ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გავაფართოოთ არჩევანის შესაძლებლობა ჰუმანიტარულ და ტექნიკურ საგნებთან მიმართებაში. მე შევხვდი ქიმიის, გეოგრაფიისა და სხვა საგნების პედაგოგებს და მათ ჰქონდათ საერთო წუხილი. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ვიპოვით საერთო პოზიციას, რომელიც იქნება შეჯერებული და რომელიც თანაბარ პირობებში ჩააყენებს პედაგოგიურ კორპუსს “, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

როგორც მან აღნიშნა, სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინიციატივა არის თანხვედრაში საერთაშორისო ტენდენციებთან.

„ვფიქრობ, რომ სკოლასა და უნივერსიტეტს უნდა მიეცეს უფრო მეტი ავტონომია, თუმცა უფრო მკაცრი კოლეგიალური ზედამხედველობის პირობებში. გამოცდების დუბლირების აღმოფხვრა იქნება გარანტირებული. ეს არის საკითხი, რომელზე პირადად მე 2 წელია ვმსჯელობ, თუმცა მიხეილ ბატიაშვილი აღმოჩნდა პირველი მინისტრი, რომელმაც შეძლო ამ გაბედული ნაბიჯის გადადგმა“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.