მარიამ ჯაში - კონსენსუსი თუ არ მოხდა და დღევანდელი მოდელი შენარჩუნდა, ეს შეიძლება, ქვეყნისთვის ყველაზე ცუდი სცენარი იყოს
მარიამ ჯაში - კონსენსუსი თუ არ მოხდა და დღევანდელი მოდელი შენარჩუნდა, ეს შეიძლება, ქვეყნისთვის ყველაზე ცუდი სცენარი იყოს

თუ კონსენსუსი არ მოხდა და დღევანდელი მოდელი შენარჩუნდა, ეს შეიძლება, ქვეყნისთვის ყველაზე ცუდი სცენარი იყოს, – ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტრიბუნა“ განაცხადა.

„ამ შემთხვევაში, მომდევნო ოთხი-ხუთი წლის მანძილზე ჩვენ ვიღებთ არა მხოლოდ არასამართლიან საარჩევნო სისტემას, არამედ არასტაბილურ პოლიტიკურ გარემოს“, – განაცხადა ჯაშმა.

მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან კომპრომისული ნაბიჯი გადადმულია და ოპოზიციის გარკვეული ნაწილი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ განხილულ იქნას შემოთავაზებული ვერსიებიც, თუმცა, პროცესი ბოლომდე არ არის მზად შეთანხმებისთვის.

მარიამ ჯაშმა ასევე აღნიშნა, რომ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ მთავარი პირობა არის საყოველთაო სავალდებულო არჩევნების საკითხის დღის წესრიგში დაყენება.

„სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“, ჩემი ყოფილი თანაგუნდელები და კოლეგები დღემდე არც ასახელებენ ამ პირობას და თვლიან, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატებიდან“ ექვსი მანდატი გარანტირებული აქვთ, მაგრამ ეს ასე არ არის. სხვა პირობებთან ერთად, ჩვენი მთავარი პირობაა, დღის წესრიგში დადგეს საყოველთაო სავალდებულო არჩევნების თემა და სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად ამ საკითხის სერიოზულად განხილვა მოხდეს“, – განაცხადა ჯაშმა. 

მისივე თქმით, 2020 წლისთვის საყოველთაო სავალდებულო არჩევნები საშუალებას მოგვცემს, ორპოლუსიანობა დაირღვეს და რაც მთავარია, ნაკლებად არსებითი გახდეს ფინანსური რესურსი, რომელიც ფინანსურად ძლიერი პარტიებისთვის არჩევნების მოსაგებად დღემდე გადამწყვეტი იყო.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად აქვს ხელისუფლებას მზაობა, რომ საყოველთაო სავალდებულო არჩევნების მოთხოვნა გაითვალისწინოს, მარიამ ჯაშმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდი ამ შეთავაზებას კვლავ არასერიოზულად უდგება, მაგრამ იმედია, ეს საკითხი მომდევნო დღეებში დადგება დღის წესრიგში, თუ ხელისუფლებას რეალურად აქვს სურვილი, რომ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ კონსენსუსის მიღწევის თანამონაწილე იყოს.

გადაცემის წამყვანის, გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, აპირებს თუ არა 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას და თუ აპირებს, ვისთან ერთად, მარიამ ჯაშმა განაცხადა, რომ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრები დიდი ალბათობით, უახლოეს დღეებში ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნას დაანონსებენ და დეტალები შემდგომ გახდება ცნობილი.

„სავარაუდოდ, გვექნება 2020 წლისთვისაც მომზადების სურვილი და მზაობა. თუმცა, ჯერ ბევრი დეტალია გარკვევის ეტაპზე. ამდენად, ალბათ, სულ რაღაც ერთი თვის პერიოდში დავასრულებთ ყველა გეგმას და საზოგადოებას წარვუდგენთ“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.