მარიამ ჯაში - კონგრესმენების წერილები მიუთითებს, რომ საგარეო ურთიერთობების კუთხით თანამშრომლობა გასაძლიერებელია
მარიამ ჯაში - კონგრესმენების წერილები მიუთითებს, რომ საგარეო ურთიერთობების კუთხით თანამშრომლობა გასაძლიერებელია

კონგრესმენების წერილები მიუთითებს, რომ საგარეო ურთიერთობების კუთხით თანამშრომლობა გასაძლიერებელია, – ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა განაცხადა ოთხი კონგრესმენის წერილთან დაკავშირებით.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის „ფეისბუქგვერდზე“ განთავსდა ოთხი კონგრესმენის – ადამ კინზინგერის, ჯერი კონოლის, ელიოტ ენგელისა და მაიკლ მაკაულის წერილი, რომლითაც ისინი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართავენ.  წერილში აღნიშნულია, რომ ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ „დაპირებულ დემოკრატიულ რეფორმებზე უარისა და ამასთან დაკავშირებით მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის, ასევე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პოლიტიზების გამო“.

მარიამ ჯაშის შეფასებით, მმართველი გუნდის წარმომადგენელთა განცხადებები, რომ შესაძლოა, კონგრესმენებს საკმარისი ინფორმაცია არ ჰქონდეთ, არგუმენტი ვერ იქნება.

„არასათანადო და არასაკმარისი ინფორმაცია ვერ იქნება არგუმენტი საგარეო პოლიტიკის ეფექტიანი მუშაობისთვის. აღნიშნული წერილები, თუნდაც ინდივიდუალური კონგრესმენების, მიუთითებს, რომ საგარეო ურთიერთობების კუთხით თანამშრომლობა გასაძლიერებელია, მით უმეტეს ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნებთან, ასევე სისტემური და თანმიმდევრული კომუნიკაცია, რომ საგარეო პოლიტიკის კუთხით ქვეყანას მსგავსი უხერხულობები არ შეექმნას. ასეთი წერილები არა მხოლოდ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას აზიანებს, არამედ საქართველოსთვის არის დამაზიანებელი, განსაკუთრებით, როდესაც კრიტიკა ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოდან ისმის“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო უწყების უპირველესი მოვალეობაა, კიდევ უფრო გააძლიეროს ურთიერთობები, სისტემური და თანმიმდევრული კომუნიკაცია, რომ მსგავსი უხერხულობები ქვეყანამ მაქსიმალურად აიცილოს.