მარიამ ჯაში იმედოვნებს, რომ განათლების მინისტრობის კანდიდატების შერჩევაში საპარლამენტო კომიტეტი აქტიურად იქნება ჩართული
მარიამ ჯაში იმედოვნებს, რომ განათლების მინისტრობის კანდიდატების შერჩევაში საპარლამენტო კომიტეტი აქტიურად იქნება ჩართული

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში იმედს გამოთქვამს, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის კანდიდატურასთან დაკავშირებით წარმოებულ დისკუსიაში საპარლამენტო კომიტეტი აქტიურად იქნება ჩართული.

როგორც ჟურნალისტებს ჯაშმა განუცხადა, საკითხზე კონსულტაციები ჯერ არ დაწყებულა.

„მიხეილ ბატიაშვილთან სატელეფონო საუბარი მქონდა. ეს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა. პოზიტიური დინამიკა, რომელიც განათლების სისტემაში შეიქმნა, მიხეილ ბატიაშვილის რეფორმას უკავშირდება და აუცილებელია, ეს გაგრძელდეს, როგორც პროფესიული მოტივაციის თვალსაზრისით, ასევე სტრუქტურული ცვლილებების თვალსაზრისით.  კანდიდატზე კონსულტაციები ჯერ არ დაწყებულა. იმედი მაქვს, კომიტეტი კანდიდატებთან დაკავშირებულ დისკუსიაში აქტიურად იქნება ჩართული და უახლოეს დღეებში იქნება პოზიცია“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ამასთან, ჯაშის თქმით, სამინისტროდან კულტურის კომპონენტის გამოყოფას მხარს დაუჭერს.

„გაერთიანების წინაღმდეგი შარშანაც ვიყავი. მთავრობის დამტკიცების პროცესში, პრემიერის მხრიდან მზაობა იყო, რომ კულტურის კომპონენტის გამოყოფა მომხდარიყო და იმედი მაქვს, პოზიცია შეცვლილი არ არის. ეს პროცესი 2020 წლის დასაწყისამდე იქნება დასრულებული”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობა დღეს დატოვა.

პარლამენტში არსებული ინფორმაციით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად შესაძლოა, გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის კანდიდატურაც განიხილებოდეს.

ამასთან, მმართველ გუნდში არ გამორიცხეს, რომ სამინისტროს კულტურის მიმართულება გამოეყოს, რომლის მინისტრადაც ბადრი მაისურაძის კანდიდატურა განიხილება.