მარიამ ჯაშმა ოპოზიციას მიმართა - იმედი მაქვს, ტრაგედიას არ იყენებთ პოლიტიკური მოტივებისთვის
მარიამ ჯაშმა ოპოზიციას მიმართა - იმედი მაქვს, ტრაგედიას არ იყენებთ პოლიტიკური მოტივებისთვის

საქართველოს პარლამენტში, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტზე განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამსახურის საქმიანობის ანგარიში უნდა მოესმინათ, თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლებმა კომიტეტის სხდომაზე მინისტრის მისვლა მოითხოვეს.

მათივე განცხადებით, ზუგდიდში მომხდარ შემთხვევაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა სწორედ მიხეილ ბატიაშვილს ეკისრება.

კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა დეპუტატებს მოუწოდა, საქმიანი ფორმატი შეინარჩუნონ და არ გამოიყენონ ზუგდიდის სკოლის დირექტორის ტრაგედია თემა პოლიტიკური მოტივებით.

“ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, დეტალურად გავეცნოთ ინსპექტირების სამსახურის 2018 წლის საქმიანობას, 100-ზე მეტ სკოლაში ჩატარებული ინსპექტირების დეტალებს, შედეგებს, გამოვლენილ ხარვეზებსა და ბუნებრივია, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება ზუგდიდის მეექვსე სკოლის შემთხვევაში ჩატარებული ინსპექტირების დეტალებზე. იმისთვის, რომ ჩვენ რეალურად შევაფასოთ მოხდა თუ არა განსხვავებული მიდგომა და იყო თუ არა ზუგდიდის მეექვსე სკოლა გამონაკლისის შემთხვევა, მიმდინარე, განსაკუთრებით სენსიტიური პოლიტიკური პროცესების ფონზე. ვფიქრობთ, სრული სურათის პრეზენტაცია და განხილვა მოგვცემს შესაბამისი ანალიზისა და დასკვნების გამოტანის საშუალებას. მე მქონდა კომუნიკაცია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან. მინდა მოგმართოთ თითოეულ ჩემს კოლეგას, როგორც უმრავლესობას, ასევე უმცირესობას, თითოეული შეკითხვა, რომელიც გვექნება, იყოს მაქსიმალურად დაკავშირებული ანგარიშთან. დღეს არ ვართ პოლიტიკური მოტივებით და დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ტრაგედიას ჩვენ არ ვიყენებთ პოლიტიკური მოტივებისთვის. ეს იქნებოდა პირველ რიგში ქალბატონი იას, მისი ოჯახისა და კოლეგების შეურაცხყოფა. ჩვენი ინტერესია, გაირკვეს ყველა დეტალი ჩატარებულ საქმიანობასთან დაკავშირებით”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.