მარიამ ჯაში - ჰუმანურობასა და ნარკორეალიზატორების მიმართ უმკაცრეს სასჯელს შორის სწორი ბალანსის დასაცავად სიფრთხილე გვმართებს
მარიამ ჯაში - ჰუმანურობასა და ნარკორეალიზატორების მიმართ უმკაცრეს სასჯელს შორის სწორი ბალანსის დასაცავად სიფრთხილე გვმართებს

ჰუმანურობასა და ნარკორეალიზატორების მიმართ უმკაცრეს სასჯელს შორის სწორი ბალანსის დასაცავად სიფრთხილე გვმართებს, – ეს განცხადება განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა ნარკოპოლიტიკაზე დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

მარიამ ჯაშის თქმით, ნარკოტიკული საშუალებების დოზები ყველაზე პრინციპული საკითხია და ალტერნატიული წინადადებები, რომლებიც ახლა მუშავდება, ამ კითხვებს პასუხს გასცემს.

„ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებით შემიძლია, სამი პრინციპი დაგიდასტუროთ, რომელსაც გუნდში ყველანი ვიზიარებთ. ეს ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ ლიბერალური და ჰუმანური მიდგომაა. ნარკორეალიზატორების მიმართ უკიდურესი გამკაცრება და სახელმწიფო ინვესტიციების მაქსიმალურად დაბალანსება პრევენციასა და სამედიცინო მკურნალობა-რეაბილიტაციას შორის. ალტერნატიული წინადადებები, რომელიც მუშავდება ალბათ, ძირითადად იმ კითხვებს პასუხს გასცემს, რომელიც დოზირებებთან დაკავშირებით რჩება. ეს ყველაზე პრინციპული საკითხია, რომელიც ჩვენ საბოლოოდ შეჯერებულ და მაქსიმალურად ოპტიმალურ მიდგომამდე მიგვიყვანს“, – აცხადებს მარიამ ჯაში.

მარიამ ჯაში ნარკოპოლიტიკის სახითხზე კომენტარების გაკეთების დროს ყველა მხარეს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ბოლო დროს დამაზიანებელი განცხადებები ვრცელდება, რომელიც საზოგადოებას რადიკალურად განაწყობს.

„თავად ნარკოპოლიტიკა უაღრესად კომპლექსური საკითხია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ სწორად გაიგოს ყველა ის ნაბიჯი და გადაწყვეტილება, რომელსაც საკანონმდებლო ორგანო მიიღებს. ჩვენ, აბსოლუტურად ყველა მხარე ინტერპრეტაციაში ძალიან ფრთხილები უნდა ვიყოთ, რადგან ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით დამაზიანებელი განცხადებები ვრცელდება, რომელიც საზოგადოებას რადიკალურად განაწყობს. ჩვენ მოხმარების შემთხვევაში შესაძლებლობაზე ვსაუბრობთ, რომ კონკრეტულმა პირებმა შესაბამისი სამედიცინო სერვისი მიიღონ და მათ საკანონმდებლო ბარიერი არ ჰქონდეთ, მომხმარების შესახებ ღიად განაცხადონ და სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული მომსახურებები მიიღონ. სიფრთხილე გვმართებს სწორედ იმიტომ, რომ ჰუმანურობასა და ნარკორეალიზატორების მიმართ უმკაცრეს სასჯელს შორის სწორი ბალანსი დავიცვათ“, – აცხადებს მარიამ ჯაში.