მარიამ ჯაში - დღეს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, მომავალი პარლამენტი იქნება უფრო სახალხო და წარმომადგენლობითი
მარიამ ჯაში - დღეს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, მომავალი პარლამენტი იქნება უფრო სახალხო და წარმომადგენლობითი

პარლამენტმა უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე მარიამ ჯაში პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას.

როგორც მარიამ ჯაშმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, დღეს დაფიქსირდა, რომ არაერთი დეპუტატისთვის სახელმწიფო ინტერესი აღმოჩნდა უპირველესი ვიწროპარტიული და პიროვნული ინტერესების მიღმა.

„ჩვენ არ უნდა ვმსჯელობდეთ, რომელმა პოლიტიკურმა ძალამ გაიმარჯვა და გადაწონა, ეს არის ჩვენი ქვეყნის გამარჯვება. საქართველოს ავაცილეთ საერთაშორისო ასპარეზზე უფრო მეტი კრიტიკა და შეუქცევადი ზიანი. ეს არის სწორედ ყველაზე მნიშვნელოვანი. დღეს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, მომავალი პარლამენტი იქნება უფრო სახალხო და წარმომადგენლობითი. თითოეული მოქალაქის ხმა უფრო უკეთ იქნება ასახული პარლამენტში. უპრეცედენტო ფაქტი დაფიქსირდა საქართველოს პარლამენტში, მოუხედავად იმისა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ საკუთარი თანაგუნდელის გამო, არ მიიღეს მონაწილეობა კენჭისყრაში, ჩვენ ყველამ ერთად მოვახერხეთ, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებული ყოფილიყო“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

117 ხმით საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა. წინააღმდეგ ხმა მისცა სამმა დეპუტატმა – ბიძინა გეგიძემ, კახა ოქრიაშვილმა და ალექსანდრე ერქვანიამ.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“.

კონსტიტუციური პროექტის გათვალისწინებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება – პარლამენტში აირჩევა 120 წევრი პროპორციული და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.