მარიამ ჯაში - ბავშვებისთვის გვჭირდება ხარისხიანი განათლების სისტემის შექმნა და არა ხისტი და მკაცრი საგამოცდო სისტემა
მარიამ ჯაში - ბავშვებისთვის გვჭირდება ხარისხიანი განათლების სისტემის შექმნა და არა ხისტი და მკაცრი საგამოცდო სისტემა

ახალ წელს ჩვენ უნდა შევხვდეთ პროფესიული და უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი სისტემით, სტუდენტებისთვის სწავლა უნდა გახდეს უფრო მეტად ხელმისაწვდომი, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, უახლოეს პერიოდში უნდა დასრულდეს პროფესიული განათლების ახალი კანონი და რეგულაციები, რომლებიც მოაგვარებს წლების მანძილზე არსებული „ჩიხის“ პრობლემას, კოლეჯებს მისცემს ეკონომიკური საქმიანობის უფლებას და შექმნის საწარმოზე დაფუძნებული სწავლების მოდელებს.

„სკოლამდელი აღზრდის კომპონენტი უნდა გახდეს განათლების უწყების ნაწილი და ეს ცვლილებაც 2018 წელს არის შესაძლებელი.

ჭარბვალიანობის პრევენციისათვის უმნიშვნელოვანესია სკოლებში ფინანსური განათლების დანერგვა, რაც განათლების სამინისტროსა და ეროვნულ ბანკთან ერთად სექტემბრიდანვე იქნება შესაძლებელი.

დაყოვნების გარეშე, ჩვენ შეგვიძლია თითოეულ ბავშვამდე მივიტანოთ ხელოვნებისა და ზუსტი მეცნიერებების ხარისხობრივად ახალი, ციფრულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლება.

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ პარალელურად გავაძლიეროთ ფსიქოლოგიური და სოციალური მუშაკის სამსახურები და სპორტული და სახელოვნებო სწავლება.

უკვე შემუშავებულია კულტურული მემკვიდრეობის კოდექსის პროექტი, რომელიც ასევე შემოდგომაზე შეგვიძლია მივიღოთ საჯარო განხილვების შემდეგ.

წელსვე ჩვენ შეგვიძლია დავნერგოთ ევროსაბჭოს რეკომენდაციები, როგორ გავაძლიეროთ საქართველოში მეცნიერებისა და ტექნოლოგიური ნოვაციების შესაძლებლობები და შევამციროთ ბიუროკრატიული ბარიერები“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

რაც შეეხება 2019 წელს გადასადგმელ ნაბიჯებს, როგორც ჯაშმა აღნიშნა, მალე სპეცპედაგოგები ჩაერთვებიან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში.

„მართალია დღეს 7000-ზე მეტი მოსწავლე უკვე გვყავს სკოლებში, მაგრამ ინკლუზიამ მაქსიმალურად უნდა მოიცვას განათლებისა და კულტურის თითოეული დაწესებულება.

დღემდე აბსოლუტურად ქაოსურია არაფორმალური განათლების სისტემის მეთოდოლოგია და მართვის პრინციპები. მნიშვნელოვნად განსხვავდება ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში დასაქმებულ პედაგოგთა ანაზღაურებაც.

სამომავლოდ ჩვენ მუნიციპალიტეტების დონეზე უნდა შევქმნათ დასაქმების ხელშეწყობის ცენტრები, რომლებიც ერთ სივრცეში მოაქცევს WORKNET-ის, ეკონომიკის სამინისტროს, საქ-სტატის და კერძო სექტორის ბაზებს და სამუშაოს მაძიელებელთა რეგისტრაცია-კონსულტაცია-სწავლების ჯაჭვს.

ჩვენ უნდა გავაძლიეროთ საერთაშორისო თანამშრომლობა მშობლიური ენის სწავლების უფლების დასაცავად ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

2019 წელს აუცილებლად უნდა გადავჭრათ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტისა და კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ცენტრის ავარიული და შეუსაბამო შენობების საკითხი.

კულტურის სფეროში, არაერთი ისტორიული შედეგი უკვე გვაქვს მიღწეული და ფრანკფურტის ბაზრობაც უნიკალური შესაძლებლობაა, რომ მსოფლიომ გაგვიცნოს ჩვენი მრავალსაუკუნოვანი კულტურით. ამასთან, მინდა გთხოვოთ, რომ კულტურის დაფინანსებაც იყოს მუდმივად მზარდი.

ჩვენ ბავშვებისთვის გვჭირდება ხარისხიანი განათლების სისტემის შექმნა და არა ხისტი და მკაცრი საგამოცდო სისტემა“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.