მარიამ ჯაში აცხადებს, რომ მისი ფრაქცია მზად არის, საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანულ მოდელს ან მის ადაპტირებულ ვერსიას მხარი დაუჭიროს
მარიამ ჯაში აცხადებს, რომ მისი ფრაქცია მზად არის, საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანულ მოდელს ან მის ადაპტირებულ ვერსიას მხარი დაუჭიროს

დეპუტატი მარიამ ჯაში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგის პროცესს ეხმაურება.

ჯაშის თქმით, დიალოგმა ორმხრივი მოლაპარაკების ფორმატის სახე მიიღო.

მარიამ ჯაში მიიჩნევს, რომ ფორმატი მრავალმხრივი უნდა გახდეს და თითოეულ საპარალმენტო ფრაქციას მაინც უნდა მიეცეს საშუალება, მოლაპარაკების პროცესში აქტიურად ჩაერთოს.

„მინდა, ორ თემასთან დაკავშირებით გავაჟღერო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ პოზიცია. პირველი ეხება მიმდინარე დიალოგის ფორმატს, რომელიც იმართება საქართველოში  ევროკავშირის წარმომადგენლობის კოორდინაციითა და დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით საარჩევნო სისტემის ცვლილებებთან დაკავშირებით.

მიუხედავად იმისა, რომ ეს არის საკითხი, რომელიც ჩვენი საზოგადოების უდიდეს ნაწილს აწუხებს,  ასევე პოლიტიკური სპექტრისა და პოლიტიკრი პლურალიზმისთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი, დიალოგმა მიიღო ორმხრივი მოლაპარაკების ფორმატი – ჩართულია ოპოზიცია და ხელისუფლება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ორმხრივი ფორმატი უნდა გახდეს მრავალმხრივი და სულ მცირე, თითოეულ საპარლამენტო ფრაქციას მიეცეს საშუალება, რომ იყოს აქტიურად ჩართული მიმდინარე მოლაპარაკების პროცესში“ ,- განაცხადა მარიამ ჯაშმა და დასძინა, რომ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს უკვე ოფიციალურად მიმართეს, მოლაპარაკების პროცესში ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ მონაწილეობის საკითხზე.

ამასთან, მარიამ ჯაშმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ფრაქციის პოზიცია საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით.

„გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ, ჩვენმა ფრაქციამ გაავრცელა ოფიციალური განცხადება ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით. მინდა. მოგახსენოთ ჩვენი პოზიცია ამ თემასთან მიმართებაში. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ფრაქციის წევრები  აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა პროპორციულ სისტემაზე საკონსტიტუციო ცვლილების პროექტს, რადგან მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობდა საქართველოში არსებული პოლარიზაციის შემცირებას. სწორედ არსებული, მწვავე პოლარიზაციის გამო, ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ან თავს იკავებს არჩევნებში მონაწილეობისაგან, ან თუ კი იღებს არჩევნებში მონაწილეობას, მხარს უჭერს არა მისთვის საურველ პოლიტიკურ ძალს, არამედ იმ პოლიტიკური ძლის საწინააღმდეგოდ ახდენს არჩევანს, რომელიც მისთვის არის კატეგორულად მიუღებელი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქვეყნის გრძელვადიანი განვითარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია დეპოლარიზაცია ჩვენი პოლიტიკური სპექტრის. ამდენად, ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატები მზად ვართ, დღესაც დავუჭიროთ მხარი ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც შეამცირებს პოლარიზაციის რისკებს და გაზრდის წარმომადგენლობების მრავალფეროვნებას საკანონმდებლო ირგანოში. რაც შეეხება გერმანულ მოდელს, ჩვენ ვისმენთ არაერთ სამართლებრივ შეკითხვას და ურთიერთგამომრიცხველ პოზიციებს თავად კონსტიტუციონალისტებს შორის. ამდენად, ვფიქრობთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაქციის საბოლოო გადაწყვეტიელბისათვის იქნება ეუთო-სა და ვენეციის კომისიის ოფიციალური დასკვნები აღნიშნულ მოდელებთან დაკავშირებით“ ,- განაცხადა მარიამ ჯაშმა.

დეპუტატის თქმით, მისი ფრაქცია მზადაა, დაუჭიროს მხარი ე.წ. გერმანულ მოდელს ან მის ადაპტირებულ ვერსიას, რომელიც იქნება საქართველოს კნონმდებლობასთან თავსებადი და რომელზეც ეუთო-სა და ვენეციის კომისიის მხრიდან დადებითი დასკვნა გაიცემა.

„რადგან მზად ვართ, მხარი დაუჭიროთ დეპოლარიზაციის პროცესს. ვფიქრობთ, რომ მოპოლია და ოლიგოპოლია საქრველოს პოლიტიკას აზიანებს. უნდა იყოს გადადმული შემდგომი ნაბიჯები  ფართო პოლიტიკური წარმომადგენლობისთვის , რათა თითოეული ჩვენი მოქალაქის პოზიცია იყოს მაქსიმალურად წარდგენილი და დაცული საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში“ ,- აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

საპარლამენტო უმრავლესობიდან წასული დეპუტატების მიერ ახალშექმნილ ფრაქციაში ექვსი წევრია: მარიამ ჯაში [ფრაქციის თავმჯდომარე], ლევან კობერიძე [ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე], გედევან ფოფხაძე [ფრაქციის მდივანი], ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი.

დატოვე კომენტარი