მარიამ ჯაში აცხადებს, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებებში პროგრესია
დამოუკიდებელი დეპუტატი მარიამ ჯაში აცხადებს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საბოლოო კონსენსუსი ჯერ არ არის მიღწეული. მისი თქმით, ამის გამო, რთულია იმის თქმა, როდის გაიმართება მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი. ამის შესახებ ჯაშმა გერმანიის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მარიამ ჯაშის თქმით, სულ რამდენიმე დღე რჩება საბოლოო პოზიციების ჩამოყალიბებამდე.
„დიდი იმედი გვაქვს, რომ გადაიდგმება შემდგომი ნაბიჯები. კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, ჩვენ გვყავს ბრწყინვალე დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიისა და ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელები. მათი მცდელობაა, რომ იყოს მიღწეული შედეგი და დღეს კიდევ ერთხელ თქვეს, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ, განსაკუთრებით წამყვანმა, მმართველმა გუნდმა და ასევე, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მიმართ განსაკუთრებით იყო თხოვნა, კიდევ გადადგან კომპრომისული ნაბიჯი პოზიციების დასაახლოვებლად.
პროგრესი ნამდვილად არის მიმდინარე მოლაპარაკებებში. ჩვენ რამდენიმე დღე კიდევ მოგვიწევს დალოდება, რომ მივიღოთ საბოლოო პოზიციები, როგორც „ქართული ოცნების“, ასევე მთავარი ოპოზიციური ძალის მხრიდან. ყველა ვთანხმდებით, რომ კონსენსუსის მიღწევა არის უაღრესად მნიშვნელოვანი ქვეყნის ინტერესებისთვის. ასევე, დიპლომატიური კორპუსი აკეთებს ყველაფერს, რომ ეს კონსენსუსი იყოს მიღწეული და მოდით, დავიტოვოთ იმედი, რომ შეთანხმება შედგება და საარჩევნო გარემოს ნორმალიზება მოხდება.
უფრო მეტად პროპორციულისკენ ნაბიჯი უკვე გადადგმულია, ვიდრე დღევანდელი მოდელი და ვიდრე 100/50. ამდენად, დაველოდოთ, სულ რამდენიმე დღე რჩება, ვიდრე ჩვენ გვექნება საბოლოო პოზიციები“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის მიწვევით ვახშამი გაიმართა, რომელზეც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე, ასევე, ოპოზიციის ის წარმომადგენლები მივიდნენ, რომლებიც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების რაუნდებში მონაწილეობდნენ. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს დამოუკიდებელმა დეპუტატებმაც.