მარიამ ჯაში - 30 მაჟორიტარული ოლქის შემთხვევაში, ჩვენს პარტიას საკუთარი კანდიდატები პრაქტიკულად ყველგან ეყოლება
მარიამ ჯაში - 30 მაჟორიტარული ოლქის შემთხვევაში, ჩვენს პარტიას საკუთარი კანდიდატები პრაქტიკულად ყველგან ეყოლება

30 მაჟორიტარის შემთხვევაში, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ პრაქტიკულად ყველა ოლქში ჩვენს პარტიას „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსს“ საკუთარი კანდიდატები ეყოლება,- ამის შესახებ პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ წევრმა მარიამ ჯაშმა განაცხადა.

რაც შეეხება იმას, თავად რომელ ოლქში გააკეთებს არჩევანს, ჯაში ამბობს, რომ ეს გუნდში მსჯელობაზე იქნება დამოკიდებული.

„შემიძლია, დაგიდასტუროთ სურვილი, რომ ნამდვილად ვიყარო კენჭი მაჟორიტარ დეპუტატად. ბუნებრივია, სამგორი იქნება ერთ-ერთი მთავარი არჩევანი. თანამოაზრეებთან ერთად მივიღებ გადაწყვეტილებას“,- განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ამასთან, მან „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მიმდინარე კონსულტაციებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მისი ფრაქციის არც ერთი წევრი, არც ერთ ეტაპზე იქ მიმდინარე მოლაპარაკებების ნაწილი არ ყოფილა.

„ეს იყო ჩვენთვის პრინციპული პოზიცია, ეს იყო წყალგამყოფი, რამდენად ვხედავდით თანამოაზრეებს ამ ორ პოლუსში – როგორც „ოცნებაში“, ისე „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო გაერთიანებულ ოპოზიციაში. ჩვენ ძალიან კოლეგიალურ ურთიერთობას შევინარჩუნებთ ყველასთან, მაგრამ ჩვენი მთავარი ამოცანა არის ღირებულებითი ერთობა. ამ ორ პოლუსში ჩვენ ღირებულებით ერთობას ვერ ვხედათ. თუკი რომელიმე პარტია მზად იქნება, დატოვოს ეს ოპოზიციური მაგიდა და განიხილოს სხვა ალტერნატივები, შეიძლება, გაჩნდეს სივრცე, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ დამოუკიდებლად ვაპირებთ წასვლას არჩევნებზე“,- განაცხადა მარიამ ჯაშმა.