მარიამ გაბედავა - ოპონენტებს შეკითხვებს რომ ვუსვამ, პასუხია, რომ რუსს და პროპაგანდისტს არ ველაპარაკები, მიკერძოებული ადამიანები რომ აფასებენ, პროპაგანდაა თუ არა, როგორ შეიძლება, ეს ჩავთვალოთ ობიექტურად?
ბოლო დროს ძალიან შესამჩნევია, როცა განსხვავებულ აზრს მაშინვე ეძახიან, შენ იმის პროპაგანდას ატარებ, შენ ამის პროპაგანდას და მე შენ არ გელაპარაკები, – ამის შესახებ ჟურნალისტმა მარიამ გაბედავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ განაცხადა.
„მე თვითონ ხშირად ვაწყდები ასეთ რაღაც შეძახილებს – შენ არ გელაპარაკები. ბუნებრივ შეკითხვებს, რაც ნებისმიერ ადამიანს გაუჩნდებოდა და ჟურნალისტებს გაგვიჩნდებოდა, ოპონენტებს ვუსვამ ხოლმე, ძირითადად, „ფეისბუქში“, სოციალურ მედიაში ხდება ხოლმე ეს ამბავი და სულ არის პასუხი, რომ მე რუსს არ ველაპარაკები და პროპაგანდისტს არ ველაპარაკები. საინტერესო ის არის, რომ სოციალურ მედიასაც ზუსტად ის ხალხი აკონტროლებს და აქაც ისინი ამბობენ, რუსულ პროპაგანდას ვებრძვითო, ვინც ებრძოდნენ ჟურნალისტებს წლების განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს. გვახსოვს ჩვენ „იმედის“ დარბევა, „მაესტროში“ ბომბის შეგდებები და მილიონი ამბავი. მაშინ რადიო „უცნობში“ ვმუშაობდი და მახსოვს, როგორ იდევნებოდა მედია, რა სიმწრის ფასად გვიჯდებოდა, რომ სადღაც რაღაც ხმა გაჟღერებულიყო და დღეს რომ გამოდიან, როცა რასაც გინდა, იმას დაწერ და იტყვი, აბსოლუტურ ლანძღვაზე არიან გადასული და პასუხსაც არ გაგცემენ, მართლა არ ვიცი, რა ვთქვა. ყველა მხრიდან ისმის ყველას ხმა და ამ დროს საუბრობენ იმ მედიებზე, ვისი რეიტინგიც აშინებთ“, – განაცხადა გაბედავამ.
მისი თქმით, საინტერესოა, ვინ აფასებს, ეს არის პროპაგანდა თუ არ არის პროპაგანდა?
„ვიღაც კონკრეტული ჯგუფები რომ აფასებენ ამას, პროპაგანდაა თუ არ არის, მიკერძოებული ადამიანები სუბიექტურად რომ აფასებენ, როგორ შეიძლება, ეს ჩავთვალოთ ჩვენ ობიექტურ მოვლენად? როცა საზოგადოება, მაყურებელი აფასებს და რეიტინგით ხარ ნომერ პირველი ტელევიზია, ამას ხომ მაყურებელი განსაზღვრავს? ძალით ხომ არ აყურებინებენ მაყურებელს ამ არხების გადაცემებს? იქამდე მივიდა თუნდაც ევროპარლამენტარების მიდგომა, რომ საქართველოს უმრავლესობაზე აქვთ ძალიან ცუდი შეხედულება, როგორც ჩანს, რადგან თვლიან, რომ ეს ხალხი არის მართლა დაზომბებული, რომელსაც არანაირი ანალიზის უნარი არ აქვს, ვერ არჩევს პროპაგანდას რეალობისგან და სიმართლისგან? თუ ჩვენ არ დავდივართ ქუჩაში, არ ვხედავთ, ხალხი როგორ ცხოვრობს და რა პრობლემები აქვთ? შეურაცხმყოფელია ნებისმიერი ქართველისთვის, რომ ასეთი წარმოდგენა აქვთ ადამიანებზე, რომლებიც ამ ქვეყანაში ცხოვრობენ. ამ დროს ასეთი ღრმა აზროვნების ხალხზე ვსაუბრობთ, ხომ?“ – განაცხადა გაბედავამ.
როგორც გაბედავამ აღნიშნა, პოლონეთის ტელევიზიამ „მოდელირებული ქრონიკის“ ავტორს რაღაც გადაცემა მისცა და ეს ადამიანი ახლა იქიდან ცდილობს, ძირი გამოუთხაროს საქართველოს.
„მართლა სასაცილოა ეს ყველაფერი. სულ ვამბობ ხოლმე, რომ სახელის გატეხვას თავის გატეხვა სჯობს და ვიცით უკვე, ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები რასაც ემსახურებიან, ნანახი გვაქვს და მოსმენილი გვაქვს არაერთხელ. ასეთი ხალხი რომ გვიკითხავს მორალს და ჟურნალისტურ ეთიკაზე გვესაუბრება, თურმე როგორ უნდა ვიმოქმედოთ, როგორი შეკითხვები დავსვათ და რა ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას ჩვენ ქვეყანაში, სადაც არაჩვეულებრივად ვიცით, რა პრობლემების წინაშე იდგა ჩვენი ქვეყანა, საიდან გამოვიდა და რა პრობლემების წინაშე დგას, რა გამოწვევებია დღეს. მით უმეტეს, ყველა ეთერი გახსნილია და ყველგან მიდის დიალოგი ოპოზიციას და პოზიციას შორის. ისიც ვიცით, რომ ხშირად ოპოზიციონერები ერიდებიან ამ დებატებს და არ მოდიან ეთერებში. მათ არ აინტერესებთ რეალურად ხალხის პრობლემები, აინტერესებს სკამები და ზუსტად ამიტომ იყენებენ ამ ყველაფერსაც მედიასთან, რომ საზოგადოებაში შექმნან რაღაცნაირი შიში, ის დავასანქცირეთ, ის მუშაობას ვეღარ გააგრძელებს და ა.შ. თუნდაც რაც ხდებოდა ახლა საპატრიარქოსთან მიმართებით, ვნახეთ გამოსვლები, სადაც იძახდნენ, რომ ქართული ეკლესია მოქცეულია მარტო თავის ჩარჩოში, არ ცნობენ და რაღაც უაზრო აბსოლუტური ტყუილები. ანუ, ყველა ფლანგზე იბრძვიან, ყველგან, და მხოლოდ ერთი მიზნისთვის, რომ თვითონ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში“, – განაცხადა გაბედავამ.
როგორც ჟურნალისტმა აღნიშნა, დარწმუნებულია, ობიექტური ტელევიზიები არ შეუშინდებიან სადამსჯელო ღონისძიებებს და შიში არხის რედაქციას არ შეეხება, რადგან ისინი აცნობიერებენ, რის წინაშე დგანან.
„„იმედს“ მიშა სააკაშვილის დროს არ ეშინოდა, ამბობდა სიმართლეს, დარწმუნებული ვარ, ახლაც არ შეაშინებს ეს სანქციები და ისევ იტყვის სიმართლეს“, – განაცხადა გაბედავამ.