მარიამ ბოლქვაძე - არასოდეს არ არის საკმარისი ის საფეხური, სადაც ხარ, ჩოგბურთელს თამაშის გაუმჯობესება სულ გჭირდება #1TVSPORT
მარიამ ბოლქვაძე - არასოდეს არ არის საკმარისი ის საფეხური, სადაც ხარ, ჩოგბურთელს თამაშის გაუმჯობესება სულ გჭირდება #1TVSPORT

გადაცემა „ტაიმაუტს“ მარიამ ბოლქვაძე სტუმრობდა, რომელმაც ცოტა ხნის წინ ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში გამართული საერთაშორისო ტურნირი მოიგო.

მარიამ ბოლქვაძე: ამ წლის განმავლობაში ტურნირებზე ხშირად მწვრთნელთან ერთად დავდიოდი, რასაც აქამდე ვერ ვახერხებდო ხოლმე და ძალიან დამეხმარა, თამაში ბევრად უფრო გამეუმჯობესებინა. ახლა კორტზე თავს ბევრად უკეთესად ვგრძნობ, ბევრად კომფორტულად. ნურ-სულთანის ტურნირზე ჩემი გამოსვლით კმაყოფილი ვარ, ძალიან ადვილად მოვიგე რამდენიმე მატჩი. ჩემი აზრით, ფინალი ყველაზე ცუდად ვითამაშე, მაგრამ ძალიან გამიხარდა, რომ შევძელი და მოვიგე არც თუ კარგი თამაშით.

თამაშის ყველა ასპექტში მჭირდება მომატება. არასოდეს არ არის საკმარისი ის საფეხური, სადაც ხარ. როგორც ჩოგბურთელს, სულ გჭირდება თამაშის გაუმჯობესება. ახლა პირველ რიგში ვცდილობ, რომ ფიზიკურად უფრო მოვძლიერდე. ფსიქოლოგიურად კი თავს ახლა ბევრად კარგად ვგრძნობ, მაგრამ, რადგან პირველი ფინალი იყო ცოტა ვინერვიულე, რაც თამაშზეც დამეტყო და ამაზეც მჭირდება მუშაობა“.

საერთაშორისო ტურნირის მოგების შემდეგ, მარიამ ბოლქვაძის რეიტინგი 21 საფეხურით გაუმჯობესდა და ქართველი ჩოგბურთელი კიდევ უფრო მიუახლოვდა საუკეთესო ასეულს.

„კოვიდის პერიოდში ძალიან რთულია რეიტინგში დაწინაურება, რადგან ქულების ნახევარი აკლდებათ მოთამაშეებს და დაბლა უფრო იშვიათად ჩამოდიან. შესაბამისად, უფრო მეტი ქულა გჭირდება, რომ ასეულში შეხვიდე. ვცდილობ, რომ ქულებსა და რეიტინგზე არ ვიფიქრო და ვიფიქრო იმაზე, რა გავაუმჯობესო ჩემს თამაშში, რომ შემდეგი ტურნირი კარგად ვითამაშო. თუ ყველა თამაშს კარგად ჩაატარებ, ქულები და რეიტინგი თავისით მოვა. უახლოეს დღეებში ამერიკაში ვაპირებ წასვლას WTA -ტურნირზე სათამაშოდ. ჩემი ახლანდელი რეიტინგით უფრო ადვილია საკვალიფიკაციო ეტაპებზე მოხვდე. ვაპირებ, უფრო დიდი ტურნირები ვითამაშო, რადგან უფრო ნაკლებ თამაშში შეგიძლია, მეტი ქულა აიღო, ფიზიკურადაც ნალებად იღლები. თუმცა, თვითონ თამაშები, რა თქმა უნდა, უფრო რთულია, მაგრამ ესეც კარგია, რადგან უფრო ძლიერ სპორტსმენებს ხვდები და თამაშს აუმჯობესებ.