მარია ზახაროვა - ყოფილი აგენტის, სერგეი სკრიპალის საქმეში აშკარად შეინიშნება რეჟისორის მუშაობა
მარია ზახაროვა - ყოფილი აგენტის, სერგეი სკრიპალის საქმეში აშკარად შეინიშნება რეჟისორის მუშაობა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის ყოფილი აგენტის, სერგეი სკრიპალის ავადმყოფობის კრემლთან დაკავშირების მცდელობა, ლონდონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების გაუარესებას ისახავს მიზნად. ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. მისი თქმით, გამოთქმული ბრალდებები ანტირუსული კამპანიის ნაწილია.

სკრიპალის შემთხვევა დასავლურ მედიასივრცეში გამოიყენება ანტირუსული კამპანიისთვის. ჯერ კიდევ ვითარების გარკვევამდე ხდება ტრადიციული მოსაზრებების ტირაჟირება, უფრო მეტიც, ამ კამპანიაში აშკარად შეინიშნება რეჟისორის მუშაობა. სიმართლე გითხრათ, რთულია ეს სიტუაცია სხვაგვარად შეფასდეს, გარდა პროვოკაციისა, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გართულებას ისახავს მიზნად“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.
რუსეთის სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი აგენტი 66 წლის სერგეი სკრიპალი და ახალგაზრდა ქალი ინგლისის ქალაქ სოლსბერიში სავაჭრო ცენტრის მახლობლად სკამზე უგონო მდგომარეობაში 4 მარტს იპოვეს. ორივე მათგანი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. სკრიპალის დიაგნოზი უცნობია, თუმცა ინციდენტის შემდეგ ქალაქის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. იმ ადგილის მახლობლად, სადაც ყოფილი რუსი აგენტი იპოვეს, სავაჭრო ცენტრსა და სხვა დაწესებულებებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. სკრიპალის სახლში კი ჩხრეკა მიმდინარეობს.
დიდ ბრიტანეთში რუსეთის სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალის სავარაუდო მოწამვლა ბრიტანული პრესის მთავარ თემად იქცა. გამოცემები აღნიშნულ საქმეს 2006 წელს ალექსანდრ ლიტვინენკოს პოლონიუმით მოწამვლას უკავშირებენ.