მარია ზახაროვა - მწუხარებით აღვნიშნავთ, რომ საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიისას ანტირუსული ლოზუნგები ისმის
მარია ზახაროვა - მწუხარებით აღვნიშნავთ, რომ საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიისას ანტირუსული ლოზუნგები ისმის

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო წუხილს გამოთქვამს, რომ საქართველოში საარჩევნო კამპანიის დროს ანტირუსული ლოზუნგები ისმოდა. ამის შესახებ საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ყოველკვირეულ ბრიფინგზე საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა. ზახაროვას თქმით, ეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზებას ხელს არ უწყობს.

„რაც შეეხება საქართველოს არჩევნებს, ეს შიდაპოლიტიკური პროცესია, რომელიც არ დასრულებულა. დამკვირვებლებმა შესაბამისი შეფასებები გააკეთეს. ეს საქართველოს შიდა საქმეა. ჩვენ მხოლოდ დიდი მწუხარებით აღვნიშნავთ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება, ისმოდა ანტირუსული ლოზუნგები. ეს სამწუხაროა და ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებას ხელს არ უწყობს. მოდით, მივცეთ საქართველოს მოსახლეობას საშუალება, გააკეთონ ობიექტური არჩევანი გარედან ყოველგვარი ზეწოლის გარეშე, მივცეთ მათ საშუალება, საკუთარი თავისთვის და თავიანთი ქვეყნის განვითარებისთვის პრინციპული არჩევანი. როდესაც ის გაკეთდება, ჩვენ ყველა შეკითხვას შესაბამის პასუხს გავცემთ“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.