მარია ზახაროვა მიიჩნევს, რომ ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მასობრივი აქციების გამო, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს არ აქვთ უფლება, ჩინეთი ჰონგ კონგთან მიმართებაში გააკრიტიკონ
მარია ზახაროვა მიიჩნევს, რომ ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მასობრივი აქციების გამო, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს არ აქვთ უფლება, ჩინეთი ჰონგ კონგთან მიმართებაში გააკრიტიკონ

რუსეთის საგარეო საქმთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა მიიჩნევს, რომ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო გამართული მასობრივი საპროტესტო აქციებისა და არეულობების გათვალისწინებით, არ აქვთ უფლება, ჩინეთი ჰონგ კონგთან მიმართებაში გააკრიტიკონ.

ამის შესახებ ზახაროვამ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.

აღნიშნული კომენტარი მარია ზახაროვამ მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰონგ კონგთან დაკავშირებით „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები ერთობლივი განცხადების მიღებას გეგმავენ.

„ანუ ლიბერალურ-დემოკრატიული სისტემის დისფუნქციის ამ საქვეყნო სირცხვილის შემდეგ, სადაც მხოლოდ იარაღმა შეძლო, შეესრულებინა ხელისუფლების უმოქმედო შტოების როლი, მათ გადაწყვიტეს, ასწავლონ ჩინეთს სახელმწიფოს მართვა?“ – დაწერა რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

მანამდე, იაპონურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროები ამზადებენ ერთობლივ განცხადებას, რომელშიც პეკინს მოსთხოვენ, გადახედოს გადაწყვეტილებას ჰონგ კონგის ტერიტორიაზე ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონთან დაკავშირებით.