მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი - მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობა კარგად მიმდინარეობს, მივესალმები მის მიერ განხორციელებულ ყველა სამუშაოს
მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი - მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობა კარგად მიმდინარეობს, მივესალმები მის მიერ განხორციელებულ ყველა სამუშაოს

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობა ძალიან კარგად მიმდინარეობს და მივესალმები საქართველოს მიერ განხორციელებულ ყველა სამუშაოს, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა აღნიშნა, რომ მიესალმება თავმჯდომარეობის რანგში საქართველოს მიერ განხორციელებულ ყველა სამუშაოს.

„მქონდა სიამოვნება, შევხვედროდი საქართველოს პრეზიდენტს, უკვე მეორედ. პირველად მაშინ შევხვდით, როდესაც საქართველოს თავმჯდომარეობისთვის ვემზადებოდით. ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა და შემიძლია, სიამოვნებით ვთქვა, რომ საქართველოს თავმჯდომარეობა ძალიან კარგად მიმდინარეობს და მივესალმები საქართველოს მიერ განხორციელებულ ყველა სამუშაოს – ჩვენი ღირებულებებისა და სტანდარტების პოპულარიზაცია და ევროპის საბჭოს შესახებ ცნობადობის ამაღლების სამუშაოებს ქვეყნის შიგნითა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში“, – განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზეც ისაუბრეს.

„ჩვენ ასევე ვისაუბრეთ საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე. პოზიტიურად განვიხილავ, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ გააცნობიერა საარჩევნო სისტემის შეცვლის აუცილებლობა იმისთვის, რომ გაძლიერდეს პროპორციულობა. იმედს ვიტოვებთ, რომ პოლიტიკურ მხარეებს შორის დაწყებული დიალოგი შედეგს გამოიღებს. ევროპის საბჭო, რა თქმა უნდა, მზად არის, დახმარება გაუწიოს საქართველოს, მათ შორის ახალი პროექტებითა და ასევე ახალი სამოქმედო გეგმით“, – განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა.

ამასთან, მისი თქმით, ევროპის საბჭო ყურადღებით აკვირდება საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხს.

„ჩვენ ასევე ყურადღებით ვაკვირდებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხს. ჩვენმა საკონსტიტუციო სასამართლო ორგანომ, ვენეციის კომისიამ საკუთარი აზრი გამოთქვა გასულ ზაფხულს და ჩვენს შეხვედრაზე მე ხაზი გავუსვი მისი შესრულების აუცილებლობას“, – განაცხადა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა.

ასევე, როგორც მან აღნიშნა, ევროპის საბჭო, რა თქმა უნდა, მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

„მე გავაგრძელებ საბჭოს წევრების ინფორმირებას კონფლიქტის ზონაში მყოფი ადამიანების მდგომარეობის შესახებ და ბოლოს, ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება არის ძალიან მისასალმებელი და მნიშვნელოვანი მოვლენა. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ადამიანების დაჭერის პრაქტიკა უნდა დასრულდეს“, – განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფება. საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის სახელმწიფოს მეთაური, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა. ვიზიტის ფარგლებში გათვალისწინებულია სალომე ზურაბიშვილის შეხვედრები ევროპის საბჭოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან.