მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი - ევროპის საბჭო ადასტურებს ცალსახა მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისადმი, რუსეთმა უნდა შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები
მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი - ევროპის საბჭო ადასტურებს ცალსახა მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისადმი, რუსეთმა უნდა შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები

საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის 15 წლისთავზე ევროპის საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ცალსახა მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, – ამის შესახებ ნათქვამია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ევროპის საბჭო კატეგორიულად უარყოფს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარებას, ისევე როგორც მის სამხედრო წარმომადგენლობას რეგიონში, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გამო. მისი თქმით, მოსახლეობა კვლავ განიცდის კონფლიქტის საზიანო შედეგებს, განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციის ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფ რაიონებში. ბურიჩის თქმით, მათი ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, რომლებიც გარანტირებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით, კვლავ სერიოზულად ირღვევა, მათ შორის ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის გამო, რომლის მომსწრეც, როგორც ბურიჩი აღნიშნავს, თავად იყო 3 ივლისს ამ მხარეში მისი ბოლო ვიზიტის დროს.

„როგორც სახელმწიფომ, რომელიც ეფექტურ კონტროლს ახორციელებს, რუსეთის ფედერაციამ უნდა შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და სრულად აღასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყველა შესაბამისი გადაწყვეტილება, გამოასწოროს ადამიანის უფლებათა ყველა დარღვევა. ეს მოიცავს იძულებით გადაადგილებულ პირთა ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისთვის პირობების შექმნას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ბურიჩის განცხადებით, ევროპის საბჭო მტკიცედ ერთგულია ყოვლისმომცველი, გრძელვადიანი მშვიდობის, უსაფრთხოების და სრულ მხარდაჭერას გამოხატავს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესის მიმართ.

„ამასთან დაკავშირებით, ჩვენ არ დავიშურებთ ძალისხმევას, რათა მხარი დავუჭიროთ ჩვენს წევრ სახელმწიფოს, საქართველოს კონფლიქტის შედეგების აღმოფხვრაში; ამასთან, ხელი შევუწყოთ შერიგებას, დიალოგსა და ადამიანის უფლებების დაცვას ნდობის აღდგენის ზომების (CBMs) პროგრამის მეშვეობით. გავაგრძელებ ჩვენი 46 წევრი სახელმწიფოს რეგულარულად ინფორმირებას საქართველოში კონფლიქტის შესახებ ჩემი კონსოლიდირებული მოხსენების მეშვეობით“, – ნათქვამია განცხადებაში.