სვეტლანა ციხანოვსკაიას გუნდში აცხადებენ, რომ მიმართვა ზეწოლის შედეგად არის ჩაწერილი
სვეტლანა ციხანოვსკაიას გუნდში აცხადებენ, რომ მიმართვა ზეწოლის შედეგად არის ჩაწერილი

ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატის, სვეტლანა ციხანოვსკაიას თანაგუნდელმა, მარია კოლესნიკოვამ დღეს მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გუშინ, ცესკო-ში ყოფნის დროს, სვეტლანა ციხანოვსკაია სამი საათის განმავლობაში ხვდებოდა ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელს, ლიდია ერმოშინას და სამართალდამცველი სტრუქტურების ორ მაღალჩინოსანს.

კოლესნიკოვა არ გამორიცხავს, რომ ციხანოვსკაიას მიმართვა, სადაც ის მოუწოდებდა ხალხს, არ გასულიყვნენ საპროტესტო აქციაზე, სწორედ ზეწოლის შედეგად იქნა ჩაწერილი.

„მხარს ვუჭერ სვეტლანას არჩევანს, წარმოდგენაც კი არ მინდა, რის ფასად დაუჯდა მას ამ გადაწყვეტილების მიღება. სვეტლანა თუ ახლა მისმენ, მხარს გიჭერ, შენ გმირი ხარ, შენ ბელარუსი ხალხისთვის ბევრი რამ გააკეთე“,- განაცხადა მარია კოლესნიკოვამ. 

ინტერნეტში ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატის, სვეტლანა ციხანოვსკაიას მორიგი ვიდეომიმართვა გავრცელდა. ციხანოვსკაია წინასწარ დაწერილ ტექსტს კითხულობს და მხარდამჭერებს მოუწოდებს, აღარ გავიდნენ ქუჩებში, გამოიჩინონ კეთილგონიერება და პატივი სცენ კანონს.