მარგუს ცაჰკნა - ესტონეთი უკრაინაში ჯარებს გაგზავნის, თუ უსაფრთხოების გარანტიები სამშვიდობო ძალებსაც მოიცავს
ესტონეთი უკრაინაში ჯარებს გაგზავნის, თუ უსაფრთხოების გარანტიები სამშვიდობო ძალებსაც მოიცავს, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ნატო-ს შტაბ-ბინაში ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, ესტონეთის პოზიცია ნათელია, რომ უკრაინის მომავალი ნატო-ში იქნება, თუმცა, სავარაუდოდ, ეს ახლა არ მოხდება.
„ჩვენ, როგორც მსურველთა კოალიციამ, აშშ-თან ერთად, უსაფრთხოების გარანტიების მიცემა უნდა გადავწყვიტოთ, რაც ნიშნავს, რომ ევროპამ თამაშში თავისი როლი უნდა შეასრულოს. ეს ნიშნავს „ჩექმებს მიწაზე“, თუ ამის საჭიროება იქნება. ესტონეთის მთავრობამ უკვე მიმდინარე წლის მარტში გადაწყვიტა, რომ საჭიროების შემთხვევაში, თუ მსურველთა კოალიციის ადგილზე უსაფრთხოების გარანტიებს დააწესებს, ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ, მაშინაც კი, როდესაც ჩვენ ვართ რუსეთის მეზობელი პატარა ქვეყანა და აღმოსავლეთის ფრონტის ხაზი ნატო-სთვის, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ თუ უკრაინაში მშვიდობის შენარჩუნებას შევძლებთ, მაშინ ევროპასაც უზრუნველვყოფთ. პუტინს არ შეუძლია ჩვენ შესახებ გადაწყვეტილების მიღება და ასევე, აშშ-ს არ შეუძლია ჩვენ მაგივრად გადაწყვეტილებების მიღება“, – განაცხადა მან.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას არ დაესწრება. მის ნაცვლად, მინისტერიალში მარკო რუბიოს მოადგილე კრისტოფერ ლანდაუ მიიღებს მონაწილეობას.