მარგოტ ვოლსტრომმა ​შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა დატოვა
მარგოტ ვოლსტრომმა ​შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა დატოვა

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგოტ ვოლსტრომმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

თანამდებობიდან გადადგომის მიზეზად შვედმა დიპლომატმა ოჯახთან ყოფნის სურვილი დაასახელა.

„ჩემთვის დადგა დრო, გავატარო უფრო მეტი დრო ქმართან, შვილებთან და შვილიშვილებთან“, – დაწერა მარგოტ ვოლსტრომმა „ტვიტერზე“.

მან გადადგომის თხოვნით უკვე მიმართა შვედეთის პრემიერ-მინისტრს, სტეფენ ლოვენს. პრემიერის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის საკითხს უკვე მომავალი კვირიდან დააყენებს.

„მთელი ჩემი ძალისხმევა ჩავდე შვედეთის უსაფრთხოების, საერთაშორისო არენაზე მის მიმართ პატივისცემისა და მისი პარტნიორად აღიარების უზრუნველყოფაში“, – აღნიშნა ვოლსტრომმა.

მარგოტ ვოლსტრომი შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებდა. საგარეო უწყების სათავეში მისი ყოფნისას შვედეთმა გააქტიურა თავისი როლი საერთაშორისო სამშვიდობო ინიციატივებში. ის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ქალთა უფლებების დაცვას და გენდერული თანასწორობისთვის იბრძოდა.

მარგოტ ვოლსტრომი საქართველოში ვიზიტით 2019 წლის ივლისში იმყოფებოდა.

დატოვე კომენტარი