მარეგულირებლების ქსელის შეხვედრაზე, კომუნიკაციების კომისიამ სატელეკომუნიკაციო სექტორის მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა
მარეგულირებლების ქსელის შეხვედრაზე, კომუნიკაციების კომისიამ სატელეკომუნიკაციო სექტორის მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა

კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ და კომისიის თანამშრომლებმა ხორვატიაში ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების ოთხი ქსელის სამიტში მიიღეს მონაწილეობა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, სამიტი, რომლის მიზანიც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება და ერთობლივი პროექტების ინიცირებაა, ევროკომისიის ხელშეწყობით ორ წელიწადში ერთხელ იმართება. კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ სამიტზე საქართველოში და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება.

მათივე ინფორმაციით, ოთხი ქსელის სამიტი სატელეკომუნიკაციო სფეროს ავტორიტეტულ ორგანიზაციებს – ევროპის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების გაერთიანებას (BEREC), ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების გაერთიანებას (EMERG),  აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების გაერთიანებას (EAPEREG) და ლათინური ამერიკის, ესპანეთისა და პორტუგალიის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების გაერთიანებას (REGULATEL) აერთიანებს.

„სამიტზე ორი პანელური დისკუსია გაიმართა, სადაც მონაწილე ქვეყნების მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლებმა და სატელეკომუნიკაციო სფეროს ექსპერტებმა მაღალსიჩქარიანი, ფართოზოლოვანი ინტერნეტკავშირის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე ისაუბრეს. კომუნიკაციების კომისიის წევრი ეკატერინე იმედაძე სიტყვით პირველ პანელზე EaPeReg-ის სახელით გამოვიდა. პანელის (Connectivity and Digital divide) მოდერატორი ირლანდიის მარეგულირებელი ორგანოს (ComReg) კომისიის წევრი – ჯერემი გოდფრი იყო, პანელის მონაწილეები – საფრანგეთის ელექტრონული კომუნიკაციების, ფოსტისა და ბეჭდური მედიის მარეგულირებელი ორგანოს (ARCEP) მმართველი საბჭოს წევრი ემანუელ გაბლა, პერუს მარეგულირებელი ორგანოს (OSIPTEL) თავმჯდომარე რაფაელ მუენტე შვარცი და ეგვიპტის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოს (NTRA) წარმომადგენელი მაჰმუდ ჰატემი.

კომუნიკაციების კომისიის მოხსენება სატელეკომუნიკაციო ბაზრის გახსნის მნიშვნელობას შეეხო. კერძოდ, აღინიშნა, რომ ციფრული ეკონომიკის განვითარება და მაღალი ხარისხის ინტერნეტსერვისების ხელმისაწვდომობა მიღწევადია იმ პირობებში, როდესაც ბაზარზე ყველა მოთამაშისთვის არსებობს სამართლიანი კონკურენციის წინაპირობები. ევროპის ქვეყნებმა გაიარეს ეს გზა – ინფრასტრუქტურაზე დაშვება და ქსელის გაზიარება ის წინაპირობა იყო, რამაც შესაძლებელი გახადა ინოვაციური მომსახურებების სწრაფი ათვისება. აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებს და მათ შორის საქართველოს, აქვთ ამბიცია, რომ ჰარმონიზებული სარეგულაციო გარემოს მეშვეობით მიაღწიონ სატელეკომუნიკაციო სექტორის სწრაფ და ეფექტურ განვითარებას. ამ გზაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ ინსტიტუციებთან მჭიდრო თანამშრომლობა, როგორიც BEREC და სხვა რეგიონების მარეგულირებლების ქსელები“, – აღნიშნულია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციაში.