ბათუმის „დინამომ“ თურქულ შეკრებაზე ბოლო საკონტროლო მატჩი გამართა – საქართველოს ვიცე-ჩემპიონი კახა ცხადაძის ყოფილ კლუბს, შიმკენტის „ორდაბასს“ შეხვდა და დამარცხდა.
გია გეგუჩაძის გუნდმა თამაში ძალიან ცუდად დაიწყო და უკვე მე-2 წუთზე ყაზახები „დინამოს“ მცველების უხეში შეცდომის შემდეგ დაწინაურდნენ, შეტევა კი რუბენ ბრიგიდომ დააგვირგვინა.
„დინამოს“ წონასწორობის აღდგენა მე-5 წუთზე შეეძლო, მაგრამ მეკარესთან პირისპირ გასულმა ბათუმელთა შემტევმა ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა, რასაც ისევ ორწუთიანი ჩავარდნა მოჰყვა. მე-13 და მე-15 წუთებზე „ორდაბასმა“ კონტრშეტევები განახორციელა და ორივეჯერ შეტევა ჟოაო პაულომ დააგვირგვინა და ანგარიში 0:3 გახადა.
გეგუჩაძის სხვაობის შემცირება მაინც მოახერხა და 33-ე წუთზე ლადო მამუჩაშვილმა პენალტით ერთი ბურთი გაქვითა, ხოლო 10 წუთში ჯაბა ჯიღაურმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. საბოლოო ანგარიში კი 85-ე წუთზე ზიკრილო სულტანიაზოვმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 2:4.
დინამო ბათუმი – ორდაბასი 2:4
გოლები: 0:1 ბრიგიდო (2), 0:2 ჟოაო პაულო (13), 0:3 ჟოაო პაულო (15), 1:2 მამუჩაშვილი (33-პენ), 2:3 ჯიღაური (44), 2:4 მაჰლანგუ (86)
დინამო ბათუმი (4-2-3-1): კუპატაძე – ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, ჩალაძე – ტეიდი, მამუჩაშვილი – ჯიღაური, ალთუნაშვილი, გროცურეკი – ფანცულაია
ბათუმის „დინამომ“ თურქეთში საერთო ჯამში 5 ტესტ-მატჩი ჩაატარა. ფრედ ითამაშა ტულის „არსენალთან“ (0:0) და უკრაინულ „ლვოვთან“ (1:1), ბოსნიური „ბორაცი“ ლადო მამუჩაშვილის დუბლით (2:0) დაამარცხა, ხოლო ვოლგოგრადის „როტორთან“ (1:3) და „ორდაბასისთან“ (2:4) დამარცხდა.
ყაზახებთან მატჩით გია გეგუჩაძის გუნდმა თურქეთში მოსამზადებელი ეტაპი დაასრულა და ახალი სეზონის დაწყებამდე დარჩენილ დროს საქართველოში მოემზადება. ეროვნული ლიგის პირველ ტურში ბათუმელები 27 თებერვალს ქუთაისის „ტორპედოს“ „რამაზ შენგელია არენაზე“ ესტუმრება.