მარჩინ ლაპიჩი - პოლონეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პროექტი მეხანძრე-მაშველებისთვის 17 ინსტრუქტორის მომზადებას ემსახურება
მარჩინ ლაპიჩი - პოლონეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პროექტი მეხანძრე-მაშველებისთვის 17 ინსტრუქტორის მომზადებას ემსახურება

პოლონეთმა სამოქალაქო უსაფრთხოების განვითარებისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასწავლო აღჭურვილობა გადასცა. აღჭურვილობის გადაცემა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, პოლონეთის საელჩოსა და ვარშავის მთავარი სახანძრო სკოლის დახმარებით განხორციელებული პროექტის ფარგლებში მოხდა. აღნიშნული პროგრამა ქართველი მეხანძრე-მაშველების წვრთნა-გადამზადებასა და უნარ-ჩვევების დახვეწას ისახავს მიზნად, – ამის შესახებ პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე მარჩინ ლაპიჩმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბინზესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში სამოქალაქო უსაფრთხოების მნიშვნელობა და გამოწვევები განიხილეს, რადგან გახშირებული ხანძრები თუ სხა ტიპის საგანგებო სიტუაციები ქვეყნის ეკონომიკას საკმაოდ ძვირი უჯდება. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ პოლონეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სტრუქტურა, ევროპული ქვეყნების გამოცდილების გაზიარების შედეგად, 20 წლის წინ შეიცვალა. მიღებულ ცოდნას პოლონელი მეხანძრე-მაშველები ახლა ქართველ კოლეგებს გადასცემენ. ეს თანაშრომლობა 2014 წელს დაიწყო და კიდევ რამდენიმე წელს გასტანს.

მარჩინ ლაპიჩის განმარტებით, მიმდინარე ეტაპზე პოლონეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 150 ათას ევროს შეადგენს და 17 ინსტრუქტორის მომზადებას ემსახურება, ვინც შემდეგში მეხანძრე-მაშველები უნდა გადაამზადოს. პროგრამის ფარგლებში ინტრუქტორებს სპეციალური ტანსაცმელი და აღჭურვილობა გადაეცათ. შემდეგი ნაბიჯი კი სიმულაციურ ოთახში ვარჯიში იქნება, რომელიც თბილისის ზღვასთან მდებარეობს.

„ამ პროგრამის ფარგლებში შევისყიდეთ და ინსტრუტორებს გადმოვეცით პირადი დაცვის აღჭურვილობის ტანსაცმელი, სპეციალური ჩაფხუტი და ჩექმები. ამ პროექტის მთავარი მიზანია მეხანძრე-მაშველებისთვის ტრენერების მომზადება. პროექტის შემდეგი ნაბიჯი ე.წ. მრავალფუნქციურ კონტეინერში [ოთახში] წვრთნა იქნება, რომელიც რეალურ სიტუაციურ ტრენინგს გულისხმობს. ჩვენ 17 ინსტრუქტორს ვუტარებთ ტრენინგს მეხანძრე ქვედანაყოფებიდან. მომავალ წელს მეორე ფაზა იქნება. ტრენინგებს ყოველ წელს რაღაც ემატება და როგორც პოლონეთში, ისე საქართველოში ტარდება“, – განუცხადა მარჩინ ლაპიჩმა „ბიზნესპარტნიორს“.