მარადონას შვილებმა ლეგენდის „ინსტაგრამი“ აამოქმედეს #1TVSPORT
მარადონას შვილებმა ლეგენდის „ინსტაგრამი“ აამოქმედეს #1TVSPORT

დიეგო მარადონას „ინსტაგრამში“ პირველი პოსტი გაჩნდა 2020 წლის ნოემბრის შემდეგ, როცა ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის გარდაცვალების შესახებ გამოცხადდა.

ამ შეტყობინებას წინ უძღოდა ურუგვაელი პუბლიცისტის ედუარდო გალეანოს ციტატა: „არ არსებობს ორი ერთნაირი ცეცხლი. არსებობს დიდი ხანძრები და პატარა კოცონები. არსებობენ ადამიანები უწყინარი ცეცხლით, რომლებმაც არ იციან ქარი. და არსებობენ ადამიანები გიჟური ცეცხლით, რომელიც ჰაერს ნაპერწკლებით ავსებს. სულელების ცეცხლი არ ანათებს, მაგრამ არსენობს ისეთი ძლიერი ცეცხლი, რომელსაც პირდაპირ ვერ შეხედავ, ხოლო ვინც მას მიუახლოვდება, დაიწვება“.

თავად დიეგოს შემდეგი სიტყვები ეძღვნება:

„შენს შვილებს სურდათ, არასოდეს ჩამქრალიყო შენი უნიკალური ცეცხლი. ამიტომაც ჩვენ შევინარჩუნებთ შენს სოციალურ ქსელებს, რათა შენს თაყვანისმცემლებს ჰქონდეთ ადგილი, სადაც ისინი პატივს მოგაგებენ, რომელსაც იმსახურებ“.

მარადონას „ინსტაგრამში“ ბოლო პოსტი 2020 წლის 31 ოქტომბერს იყო გამოქვეყნებული. რამდენიმე დღეში დიეგო საავადმყოფოში გადაიყვანეს და მან ტვინზე ოპერაცია გადაიტანა. 12 ნოემბერს, მარადონა კლინიკიდან გამოწერეს, 25 ნოემბერს კი ის მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა.

დიეგო მარადონას რვა აღიარებული შვილი ჰყავდა.