დიეგო მარადონას კუთვნილი „ოქროს ბურთი“, რომელიც მან მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის მიიღო, თითქმის მეოთხედი საუკუნე დაკარგულად ითვლებოდა, მაგრამ ახლა ეს პრიზი ახალი მფლობელის ხელში გადავა.
სააუქციონო სახლმა Aguttes-მა გამოაცხადა, რომ ლეგენდარული არგენტინელის „ოქროს ბურთი“ გასაყიდად გამოიტანა. სასტარტო ღირებულება არ დაუსახელებიათ, მაგრამ ვარაუდობენ, რომ პრიზი რამდენიმე მილიონ ევროდ არის შეფასებული. ამგვარი ღირებულება ამ ლოტის არა მხოლოდ მნიშვნელობიდან, არამედ ასევე იმ კრიმინალური ისტორიიდან მომდინარეობს, რომელიც მას უკავშირდება.
როგორც ჟურნალი France Football-ი ჰყვება, მარადონას „ოქროს ბურთი“ 1989 წელს ნეაპოლის ბანკიდან მოიპარეს. სწორედ იქ ინახავდა არგენტინელი თავის პრიზს. მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატის „ოქროს ბურთი“ მხოლოდ 2016 წელს იპოვნეს, როცა კოლექციონერმა აბდელჰამიდმა აღიარა, რომ ის რამდენიმე ასეულ ევროდ შეიძინა ისე, რომ არ იცოდა, რა ჯილდოსთან ჰქონდა საქმე.
ფრანგული კანონმდებლობის თანახმად, კოლექციონერს ყველანაირი საფუძველი გააჩნია იმისთვის, რომ „ოქროს ბურთის“ მფლობელად ითვლებოდეს, რადგან მისი შეძენისას არ იცოდა, რომ ის მოპარული იყო, ხოლო მარადონამ ან მისმა მემკვიდრეებმა შეძენიდან სამი წლის განმავლობაში არ განაცხადეს პრიზზე საკუთარი უფლებების შესახებ.
ასე რომ, „ოქროს ბურთის“ გაყიდვიდან მიღებული რამდენიმე მილიონი აბდელჰამიდის ჯიბეში აღმოჩნდება.