მარადონამ 10 ათასამდე ევრო დააწესა მათთვის, ვინც მის სიკვდილზე ინფორმაციის ავტორებს იპოვის
მარადონამ 10 ათასამდე ევრო დააწესა მათთვის, ვინც მის სიკვდილზე ინფორმაციის ავტორებს იპოვის

არგენტინისა და ნიგერიის მატჩის შემდეგ, არგენტინული ფეხბურთის ლეგენდის, დიეგო მარადონას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უამრავი ჭორი გავრცელდა.

ერთმა ესპანურენოვანმა გულშემატკივარმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარადონას გულის შეტევა დაემართა, ადრენალინის ნემსმა ვერ უშველა და უახლოეს დღეებში გამოაცხადებენ 57 წლის დიეგოს სიკვდილის შესახებ.

მეორე გულშემაკტივარმა თავი არგენტინელ კორესპონდენტად გაასაღა და WhatsApp-ში ხმოვანი შეტყობინება გაავრცელა: „მარადონას სიკვდილის შესახებ ხვალ გამოაცხადებენ. ასეთია ოჯახის გადაწყვეტილება”.

ამის შემდეგ, მარადონა ოჯახის წევრებს დაუკავშირდა და დაადასტურა, რომ ჯანმრთელად არის.

გაზეთ Clarin-ის ინფორმაციით, დიეგოს დამ გონება დაკარგა, როცა სიკვდილის შესახებ ცრუ ინფორმაცია შეიტყო.

ახლა, დიეგო მარადონა შურისძიებას აპირებს.

„ჯილდოდ ვაწესებთ 9.5 ათას ევროს იმისთვის, ვინც ზუსტ მონაცემებს მოგვაწვდის ამ ინფორმაციის ავტორებზე”, – განაცხადა მარადონას ადვოკატმა მატიას მორლამ.

30 ივნისს არგენტინის ნაკრები მერვედფინალში საფრანგეთს შეხვდება.