მარადონა - სკალონი მხოლოდ მოტორბოლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გაგვიყვანს
ლეგენდარული დიეგო მარადონა არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლიონელ სკალონის მუშაობას სკეპტიკურად უყურებს. მარადონას მიაჩნია, რომ ახალგაზრდა სპეციალისტი არ არის ამ პოსტისთვის შესაფერისი.
„ჩვენ გვყავს პატარა ბიჭი ლიონელ სკალონი. მისი ბრალი არ არის, რომ ეს პოსტი უკავია. მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მას ჰგონია, რომ მწვრთნელია და შეუძლია მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა. მას შეუძლია მოტორბოლაში მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა, მაგრამ არა საფეხბურთო ჩემპიონატზე. არგენტინაში ჩვენ ყველაფერს ცუდად ვაკეთებთ. მწვრთნელად ვნიშნავთ სკალონის, არადა, გვყავს სესარ ლუის მენოტი, ხერარდო მარტინო, რიკარდო გარეკა, მარსელო გალიარდო და გილერმო შელოტო. არგენტინაში გადაბრუნებულ სამყაროში ვცხოვრობ“, – მოჰყავს არგენტინელის სიტყვები Sport.es-ს.
სკალონი მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ გახდა და სავარაუდოდ, არგენტინის საფეხბურთო ასოციაცია მალე მას სრულფასოვან კონტრაქტს გაუფორმებს.