მანუჩარ მარკოიშვილი – თურქეთის ჩემპიონატი მაღალი დონისაა, ჩვენი გუნდიც შესაბამის კალათბურთს უნდა თამაშობდეს #1TVSPORT
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე „გალათასარაიმ“ ფრანგულ „სტრასბურს“ უმასპინძლა და 83:77 დაამარცხა. ეს იყო მანუჩარ მარკოიშვილის პირველი მოგება სტამბოლური გუნდის მთავარი მწვრთნელის რანგში.
მატჩის შემდეგ მანუმ გულშემატკივრების მოლოდინსა და გუნდის მიზნებზე ისაუბრა:
„„გალათასარაის“ ქომაგებს სურთ, 100-დან 100 მატჩი მოვიგოთ. ეს შეუძლებელია. თურქეთის ჩემპიონატი მაღალი დონისაა და ჩვენც ამ დონის შესაბამისად უნდა ვთამაშობდეთ.
„სტრასბურთან“ კარგად გამოვიყურებით, მაგრამ „გალათასარაის“ გაცილებით მეტი შეუძლია. მთავარია, გვჯეროდეს საკუთარი თავის და ბევრი ვიშრომოთ. ყველა მატჩში მაქსიმალურად უნდა ვიბრძოლოთ როგორც თურქეთის ჩემპიონატში, ასევე ევროპულ ასპარეზზე“.
ჩემპიონთა ლიგაზე „გალათასარაისთან“ ერთად ჯგუფში თამაშობენ ფრანგული „სტრასბური“, პოლონური „ლეგია“ და ხორვატული „ციბონა“. ორი ტურის შემდეგ ოთხივე გუნდს თითო მოგება აქვს. „გალა“ მომდევნო მატჩს 4 ნოემბერს პოლონეთში „ლეგიის“ წინააღმდეგ გამართავს.