მანჰეტენის პროკურატურა დონალდ ტრამპის საინაუგურაციო კომიტეტის შემოწირულობებითა და ხარჯებით დაინტერესდა
მანჰეტენის პროკურატურამ დონალდ ტრამპის საინაუგურაციო კომიტეტს ხარჯებთან და შემოწირულობებთან დაკავშირებული დოკუმენტების წარდგენა მოსთხოვა. ინფორმაციას გამოცემა „ვოლ სტრიტ ჯორნალი“ (The Wall Street Journal) ავრცელებს.
როგორც გამოცემა დეკემბერში წერდა, ფედერალური პროკურატურა იძიებს საინაუგურაციო კომიტეტის მხრიდან დონორებისგან მიღებული თანხების შესაძლო გაფლანგვის საქმეს. აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციისთვის კომიტეტმა შემოწირულობების სახით რეკორდული თანხა – 107 მილიონი დოლარი მიიღო. ეს ბარაკ ობამას ინაუგურაციისთვის მიღებულ თანხას ორჯერ აღემატება.
„ვოლ სტრიტ ჯორნალი“ აღნიშნავს, რომ გამოძიების ფარგლებში პროკურატურა ასევე არკვევს, მიიღეს თუ არა დონორებმა შემოწირულობების სანაცვლოდ პოლიტიკური დაპირებები.
როგორც დონალდ ტრამპის საინაუგურაციო კომიტეტის პრესმდივანმა განაცხადა, კომიტეტი გამოძიებასთან თანამშრომლობას გეგმავს.