მანჩესტერში, ჰიტონ პარკის სინაგოგაში თავდასხმა მოხდა, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია, არიან დაშავებულები
მანჩესტერში, ჰიტონ პარკის სინაგოგაში თავდასხმა მოხდა, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია, არიან დაშავებულები

დიდი ბრიტანეთის სამართალდამცავი უწყების ცნობით, მანჩესტერში, ჰიტონ პარკის სინაგოგაში 2 ოქტომბერს მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი 35 წლის ჯიჰად ალ-შამი, მანამდე გაუპატიურებაში იყო ეჭვმიტანილი და ის გირაოს სანაცვლოდ, თავდებით იყო გათავისუფლებული. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

თავდასხმა სინაგოგასთან დილის საათებში მოხდა, როდესაც იქ რელიგიური დღესასწაულის აღსანიშნად მორწმუნეები იყვნენ შეკრებილი. თავდამსხმელი სინაგოგის ტერიტორიაზე ჯერ ავტომობილით შევარდა, რის შედეგადაც ერთი პირი დაიღუპა, შემდეგ კი, ავტომობილიდან გადმოვიდა და დანით დაესხა თავს იქ მყოფთ. დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი მოქალაქე. ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა თავდამსხმელს ცეცხლი გაუხსნეს. ის ადგილზე გარდაიცვალა. ამასთან, როგორც „ბიბისი“ იუწყება, პოლიციის მიერ გახსნილ ცეცხლს ასევე ემსხვერპლა კიდევ ერთი მამაკაცი და დაშავდა ორი პირი.

საერთო ჯამში, ამჟამად საავადმყოფოში რჩება სამი დაშავებული, მათგან ერთ-ერთი იონი ფლინია, რომელიც პოლიციის მიერ შეცდომით გახსნილი ცეცხლის შედეგად დაიჭრა.

დღეს, მანჩესტერში,  დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად მოქალაქეები შეიკრიბნენ.