„მანჩესტერ იუნაიტედმა“ „არსენალიდან“ ალექსის სანჩესის ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა.
ამ მოვლენასთან დაკავშირებით, „იუნაიტედმა“ მოამზადა ვიდეორგოლი, რომელშიც ჩილელი პიანინოზე უკრავს კლუბის ჰიმნს – Glory Glory Man United.
„მანჩესტერის“ ახალწვეული ახალ კლუბში კვირაში 450 000 ფუნტს მიიღებს, – წერს Daily Mail. აქედან 350 000 – ხელფასია, კიდევ 100 000 – ანაზღაურება საიმიჯო უფლებების გამოყენებისთვის. ასევე, სანჩესს ეკუთვნის ბონუსი 7.5 მილიონი ფუნტის ოდენობით, რომელსაც ოთხი წლის განმავლობაში მიიღებს.
რაც მთავარია, უეფა-მ თავის ოფიციალურ გვერდზე გამოაცხადა, რომ ალექსის სანჩესი ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს შეძლებს, რადგან წელს მისი ყოფილი გუნდი, „არსენალი“ ევროპის ლიგაზე გამოდიოდა. ასე რომ, ჩილელს თებერვალში, მერვედფინალურ ეტაპზე „სევილიას“ წინააღმდეგ ვიხილავთ.