„მანჩესტერ სიტის“ ვარსკვლავს რასიზმისთვის ექვსმატჩიანი დისკვალიფიკაცია ელოდება
„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი ბერნარდო სილვა რასისტულ სკანდალში გაეხვა. პორტუგალიელმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა თავისი თანაგუნდელის, ბენჟამენ მენდის ბავშვობის ფოტო, მის გვერდით კი გამოსახულება ესპანური ტკბილეულის – „კონგიტოსის“ კოლოფიდან. სილვამ ფოტოებს მიაწერა: „გამოიცანით, ვინ არის?“
ხელმომწერებმა ვერ შეაფასეს პორტუგალიელის იუმორი და ხუმრობა რასისტულად მიიჩნიეს. თავის მხრივ, ფეხბურთელმა პოსტი წაშალა, თუმცა მოგვიანებით, აღშფოთება ვერ დამალა.
„ჩვენს დროში მეგობართან გახუმრებაც კი არ შემიძლია…“ – დაწერა სილვამ.
გაზეთ „გარდიანის“ (The Guardian) ინფორმაციით, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ გააანალიზა ფეხბურთელის საქციელი, მას მიუღებელი უწოდა და რასისტულ ნიადაგზე ბრალდებაც წაუყენა პორტუგალიელს. ახლა ბერნარდო სილვას ექვსმატჩიანი დისკვალიფიკაცია ელოდება.