„მანჩესტერ სიტის“ ვარსკვლავს რასიზმისთვის ექვსმატჩიანი დისკვალიფიკაცია ელოდება

19:46, 02.10.2019

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი ბერნარდო სილვა რასისტულ სკანდალში გაეხვა. პორტუგალიელმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა თავისი თანაგუნდელის, ბენჟამენ მენდის ბავშვობის ფოტო, მის გვერდით კი გამოსახულება ესპანური ტკბილეულის – „კონგიტოსის“ კოლოფიდან. სილვამ ფოტოებს მიაწერა: „გამოიცანით, ვინ არის?“

ხელმომწერებმა ვერ შეაფასეს პორტუგალიელის იუმორი და ხუმრობა რასისტულად მიიჩნიეს. თავის მხრივ, ფეხბურთელმა პოსტი წაშალა, თუმცა მოგვიანებით, აღშფოთება ვერ დამალა.

„ჩვენს დროში მეგობართან გახუმრებაც კი არ შემიძლია…“ – დაწერა სილვამ.

გაზეთ „გარდიანის“ (The Guardian) ინფორმაციით, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ გააანალიზა ფეხბურთელის საქციელი, მას მიუღებელი უწოდა და რასისტულ ნიადაგზე ბრალდებაც წაუყენა პორტუგალიელს. ახლა ბერნარდო სილვას ექვსმატჩიანი დისკვალიფიკაცია ელოდება.

მსგავსი