„მანჩესტერ იუნაიტედში“ საკადრო პრობლემები გრძელდება - გუნდს ლისანდრო მარტინესი ტრავმის გამო გამოაკლდა #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ დაადასტურა, რომ გუნდის არგენტინელი მცველი ლისანდრო მარტინესი დიდი ხნის განმავლობაში მოედანზე გასვლას ვერ მოახერხებს.
ტრავმა ფეხბურთელმა ჯერ კიდევ აპრილის თვეში მიიღო. 25 წლის უკანახაზელმა ევროპალიგის მეოთხედფინალში, „სევილიის“ წინააღმდეგ ტერფი დაიზიანა.
როგორც ირკვევა, მარტინესს ამ ტრავმამ თავი გასული თვის ბოლოს, “არსენალთან“ წაგებულ მატჩში (1:2) შეახსენა.
ამის მერე ლისანდრო „ბრაიტონისა“ და მიუნხენის „ბაიერნის“ შემტევების პირისპირ წარდგა, თუმცა „წითელი ეშმაკების“ სამედიცინო შტაბმა გადაწყვიტა, მისი ჯანმრთელობით უფრო მეტად აღარ გარისკოს.
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონი, ბრიტანული მედიის ინფორმაციით, 2-3 თვეს გამოტოვებს.
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ მიმდინარე სეზონში ოპტიმალური შემადგენლობით მოედანზე გასვლა ჯერ, პრაქტიკულად, ვერ მოახერხა. გუნდის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებს ხშირად აქვთ ტრავმები ან დისკვალიფიცირებულნი არიან.