„მანჩესტერ იუნაიტედს“ შეტევაში გაძლიერება სურს - ინგლისელები არნაუტოვიჩის დამატებას ცდილობენ #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედს“ მარკო არნაუტოვიჩის გადაბირება სურს. ავსტრიელი ფეხბურთელი, რომელსაც პრემიერლიგაში „ვესტ ჰემისა“ და „სტოკის“ შემადგენლობაში აქვს ნათამაშები, ახლა „ბოლონიას“ ღირსებას იცავს.
Sky Italy-ს ინფორმაციით, „იუნაიტედმა“ „ბოლონიას“ 9 მილიონი ევრო შესთავაზა, რომელიც იტალიურმა კლუბმა დაბლოკა.
ერიკ ტენ ჰაგს შეტევის ხაზში გაძლიერება სურს. ენტონი მარსიალი ამ ეტაპზე ტრავმირებულია, ხოლო კრიშტიანო რონალდოს მომავალთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ბევრი კითხვის ნიშანია. როგორც Sky Sports წერს, „წითელ ეშმაკებს“ „ლაიფციგის“ თავდამსხმელის ბენჟამინ სასკოს შეძენაც სურდათ, მაგრამ ამ ტრანსფერის განხორციელება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული.
ჩინეთში თამაშის შემდეგ, არნაუტოვიჩი ევროპაში წინა წელს დაბრუნდა და „ბოლონიას“ შემადგენლობაში 34 შეხვედრაში 15 გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ 33 წლის შემტევს ინგლისის პრემიერლიგაში 43 გოლი აქვს გატანილი.
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ პრემიერლიგის ახალი სეზონის პირველი შეხვედრა შინ „ბრაიტონთან“ დათმო 1:2. შემდეგ მატჩს ტენ ჰაგის გუნდი 13 აგვისტოს სტუმრად „ბრენტფორდის“ წინააღმდეგ გამართავს.