„მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ოლდ ტრაფორდის“ ახალი პროექტი წარადგინა - სტადიონის ტევადობა 100 ათასს მაყურებელს მიაღწევს #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედი“ შეუდგა საკუთარი სტადიონის „ოლდ ტრაფორდის“ რეკონსტრუქციის გეგმის რეალიზაციას.
კლუბმა გამოაცხადა კომპანია, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სტადიონისა და მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქციაზე. ეს არის არქიტექტურული სტუდია Foster + Partners.
გარდა ამისა, „იუნაიტედმა“ Oxford Economics-ს შეუკვეთა ფინანსური ანგარიში, რომელმაც აჩვენა, რომ პროექტმა დიდი ბრიტანეთის ეკონომიკას შეიძლება დამატებით წელიწადში 7.3 მილიარდი ფუნტი მოუტანოს. ამასთან, ლეგენდარულმა კლუბმა წარმოადგინა განახლებული სტადიონის მაკეტის პირველი ფოტოები. ირკვევა, რომ ახალ არენაზე 100 ათასი დასაჯდომი ადგილი იქნება. მთლიანად პროექტის ღირებულება 2 მილიარდ ფუნტს შეადგენს.
დღეისთვის „ოლდ ტრაფორდის“ ტევადობა 74 310 მაყურებელს უტოლდება.
Oxford Economics აცხადებს, რომ პირველადი შეფასებით, პროექტი უდიდეს წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკაში, შექმნის 92 ათას ახალ სამუშაო ადგილს, აშენდება 17 ათასი ახალი სახლი, ასევე წელიწადში მანჩესტერის სტუმრების რიცხვი 1.8 მილიონით გაიზრდება.
BBC-ის ინფორმაციით, მანჩესტერის მერმა ენდი ბერნჰემმა დაადასტურა, რომ „ოლდ ტრაფორდის“ რეკონსტრუქციაში სახელმწიფოს თანხები არ დაიხარჯება.