„მანჩესტერ იუნაიტედმა“ მე-100 წუთზე გატანილი გოლით სეზონში პირველი მატჩი მოიგო (ვიდეო)
ინგლისის პრემიერლიგაში მესამე ტური „ბრაიტონისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ მატჩით გაისხნა.
„მანჩესტერისთვის“ ეს იყო მეორე მატჩი ახალ ჩემპიონატში. წინა შეხვედრაში ოლე-გუნარ სოლსკიაერის გუნდი შინ „კრისტალ პალასთან“ დამარცხდა და ახლაც ახლოს იყო ქულების დაკარგვასთან.
„ბრაიტონმა“ მე-20 წუთზე მოპეის პენალტით გახსნა ანგარიში, მაგრამ „იუნაიტედმა“ სამ წუთში დანკის ავტოგოლით გაათანაბრა.
მეორე ტაიმი სტუმრების უპირატესობით დაიწყო. რეშფორდს 52-ე წუთზე გოლი არ ჩაუთვალეს, თუმცა, მანვე 55-ე წუთზე ბრუნო ფერნანდეშის პასით პირველად გაიყვანა წინ თავისი გუნდი.
„იუნაიტედმაì ვერ შეძლო უპირატესობის შენარჩუნება – 95-ე წუთზე მარჩმა აღადგინა თანაფარდობა. მატჩი საყაიმო ანგარიშისკენ მიდიოდა, მაგრამ მანჩესტერელებმა პენალტის უფლება მიიღეს, რომელიც მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მე-10 წუთზე ბრუნო ფერნანდეშმა გამოიყენა.
ასეთი გვიანი გოლი პრემიერლიგაში 2011 წელს პირველად გავიდა.
ფერნანდეშმა „მანჩესტერში“ გადასვლის შემდეგ 16 მატჩი ჩაატარა პრემიერლიგაში და 17 გოლში მიიღო მონაწილეობა – 9 გოლი და 8 პასი.
აღსანიშნავია, რომ „ბრაიტონმა“ ოთხჯერ გაატყა ბურთი ძელს, აქედან სამჯერ ლეანდრო ტროსარმა. ბოლოს პრემიერლიგაში ასეთი უიღბლო მატჩი კრიშტიანო რონალდოს ჰქონდა 2006 წლის ნოემბერში, როცა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მაისურით „ნიუკასლს“ ეთამაშებოდა.