„მანჩესტერ იუნაიტედის“ მოთამაშეთა ნახევარი ერიკ თენ ჰაგით უკმაყოფილოა #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ თენ ჰაგმა თავისი გუნდის ფეხბურთელთა თითქმის ნახევრის ნდობა დაკარგა, – ამტკიცებს Sky Sports-ი.
„ნიუკასლთან“ (0:1) მატჩში სეზონში რიგით მეათე წაგების შემდეგ ფეხბურთელებმა უკმაყოფილება გამოთქვეს გუნდის თამაშის სტილისა და საწვრთნელი პროცესის, აგრეთვე მწვრთნელსა და ჯეიდონ სანჩოს შორის გაჭიანურებული კონფლიქტის გამო.
ფეხბურთელთა ნაწილს არ ესმის, რატომ ვარჯიშობენ ასე ინტენსიურად და რატომ დარბიან ასე ბევრს. აღნიშნავენ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყველაზე გამოცდილმა ფეხბურთელებმა გადასცეს თენ ჰაგს საკუთარი აზრი შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით და აღნიშნეს, რომ მას შეუძლია უკეთ უხელმძღვანელოს გუნდს და იყოს უფრო მოქნილი და ნაკლებად ხისტი. მიუხედავად ამისა, ზოგიერთ მოთამაშეს თენ ჰაგი ძალიან ჯიუტ და ავტომატიზირებულ მწვრთნელად მიაჩნია.
გარდა ამისა, „მანჩესტერ იუნაიტედის“ მოთამაშეებს აწუხებთ შემადგენლობიდან სანჩოს ჩამოშორება, რომელიც იძულებულია, მთავარი გუნდისგან ცალკე ივარჯიშოს. ჯეიდონი მინდორზე აგვისტოს შემდეგ არ გასულა, რადგან საკუთარ თავს „განტევების ვაცი“ უწოდა და უარი თქვა ბოდიში მოეხადა თენ ჰაგის წინაშე. გასახდელში მიაჩნიათ, რომ სიტუაცია ძალიან დაიძაბა.