„მანჩესტერ იუნაიტედი“ კვლავ იჩენს ინტერესს „ლესტერის“ მცველ ჰარი მაგუაიერის მიმართ, თუმცა „მელიებს“ ფეხბურთელის გაყიდვა არ სურთ.
„წითელმა ეშმაკებმა“ გასულ წელსაც დააპირეს მოლაპარაკების დაწყება ინგლისის ნაკრების მოთამაშის თაობაზე, თუმცა მოგვიანებით ჩათვალეს, რომ „ლესტერის“ მიერ დასახელებული 70 მილიონი ფუნტი სტერლინგი ზედმეტად გაბერილი ფასი იყო.
მიუხედავად ამისა, წელს ოლე გუნარ სოლსკიაერი კვლავ მიუბრუნდა ამ თემას და მაგუაიერის შეძენით გუნდის დაცვითი ხაზის გაძლიერებას გეგმავს. ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) აღნიშნავს, რომ ამჯერად „ლესტერის“ სავაჭრო პოზიცია საკმაოდ ძლიერია და შესაძლოა გუნდმა შარშან დასახელებული თანხა კიდევ უფრო გაზარდოს.
27 წლის მცველმა „მელიებთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი გასულ წელს გააფორმა და გუნდის ახალი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი მიიჩნევს, რომ თუ ის „კინგ პაუერ სტეიდიუმზე“ დარჩება, კიდევ უფრო მეტად გავითარების შანსი მიეცემა.